ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, საქართველომ ბევრ წარმატებას მიაღწია და ამის დაკარგვა უპასუხისმგებლობა იქნებოდა. ყოფილი მაღალჩინოსანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

"შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული დაძაბულობით. ჩვენმა მეგობრებმა ბევრს მიაღწიეს: მოწინავეები არიან ასოცირების შეთანხმების/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციაში, ასევე იყვნენ NATO-ს აქტიური პარტნიორები. უპასუხისმგებლობა იქნებოდა, ამ ყველაფრის დაკარვა. ყველა ლიდერმა თავშეკავება უნდა გამიჩინოს და პირველ რიგში სახელმწიფო ინტერესებით იხელმძღვანელონ", — განაცხადა ლინკევიჩუსმა.

ნიკა მელია სპეცრაზმმა დღეს დილით ოფისში დააკავა. სამართალდამცავები პარტიის შენობაში გამთენიისას გამოჩნდნენ. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმებელი ოფისში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი სართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული.

პოლიციამ კარების გაღება მოახერხა და იქ მყოფი პირების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მალევე კი ნიკა მელიაც დააკავეს.

განვითარებული მოვლენების გამო ოპოზიციამ დღეს სამ საათზე მთავრობის კანცელარიასთან აქცია დააანონსა.