ცოტა ხნის წინ Amazon-მა თავისი ანთოლოგიური სერიალის Modern Love (თანამედროვე სიყვარული) მეორე სეზონის სამსახიობო შემადგენლობა დააანონსა.

ახალ სახეებს შორის სატელევიზიო შოუების მოყვარულების განსაკუთრებულ ყურადღებას ერთი სახელი-გვარი მიიქცევს: კიტ ჰარინგტონი. დიახ, Game of Thrones-ის ვარსკვლავს მალე სულ სხვა ამპლუაში ვიხილავთ.

მეორე სეზონის სამსახიობო გუნდი მთლიანად იცვლება და კიტ ჰარინგტონთან ერთად ვიხილავთ ლუსი ბოიტონს, კეტრინ გალაჰერს, მინი დრაივერს, ანა პეკუინს და სხვებს.

თანამედროვე სიყვარულის პირველ სეზონში ისეთი ცნობილი სახეები თამაშობდნენ, როგორებიც ენ ჰეთეუეი, ენდრიუ სკოტი, ენდი გარსია და ჯულია გარნერი არიან.

ფოტო: Amazon

თანამედროვე სიყვარული ამერიკული რომანტიკული კომედიაა, რომელიც The New York Times-ის ყოველკვირეული სვეტების მიხედვით გადაიღეს. სერიალის პრემიერა 2019 წელს შედგა და სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე საუბრით, როგორიცაა, მაგალითად, ფსიქიკური ჯანმრთელობა, მრავალი მაყურებლის ყურადღება მიიქცია.

ეს სატელევიზიო შოუ ანთოლოგიური ტიპისაა — მისი თითოეული ეპიზოდი განსხვავებული გმირების განსხვავებულ ისტორიებს მოგვითხრობს. ასეთივე იქნება მეორე სეზონიც, რომელშიც როლებს სულ ახალი სახეები მოირგებენ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შედგება ახალი სეზონის პრემიერა.