ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან დღეს 21 ადამიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მათ შორის არის ენმ-ს წარმომადგენელი გია ბარამიძე და #სირცხვილიას აქტივისტები.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას.

ნიკა მელია სპეცრაზმმა ოფისში დააკავა. სამართალდამცავები პარტიის შენობაში გამთენიისას გამოჩნდნენ. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმებელი ოფისში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი სართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული.

პოლიციამ კარების გაღება მოახერხა და იქ მყოფი პირების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მალევე კი ნიკა მელიაც დააკავეს.