რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, თამარ კორძაია, რომელიც ნიკა მელიას დაკავებისას ენმ-ს ოფისში იყო, ამბობს, რომ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება არ შეიძლება.

"როგორც მტარვალმა, ისე დაიწყო [ირაკლი ღარიბაშვილმა] თავისი პრემიერობის პირველი დღე. და ძალიან ცუდად დაამთავრებს. აქ ვიყავით მშვიდობიანი მოქალაქეები, ვიყავით წყნარად და მშვიდად. მაგრამ შემოამტვრიეს და გამოიყენეს ძალა და ცრემლსადენი გაზი. ახლაც მიჭირს საუბარი. არ შეიძლება, იძალადო საკუთარ მოქალაქეებზე", — ამბობს კორძაია.

ნიკა მელია სპეცრაზმმა ოფისში დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმებელი შენობაში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი სართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული.

პოლიციამ ის კარების გაღება მოახერხა და იქ მყოფი პირების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მალევე კი ნიკა მელიაც დააკავეს.