ნაციონალური მოძრაობის ოფისში, ენმ-ს თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან სპეცრაზმი მივიდა. როგორც ადგილზე მყოფი On.ge-ს ჟურნალისტი გვატყობინებს, იქ რამდენიმე ასეული თანამშრომელია და ისინი მთელს პერიმეტრზე არიან განლაგებულნი.

ჩვენივე ჟურნალისტის ცნობით, ენმ-ს ოფისში მყოფი მოსახლეობა ჰიმნის ფონზე დახვდა სამართალდამცველებს. ისინი შენობაში იმყოფებიან და ასეულობით პოლიციელს ხელებაწეულები ხვდებიან.

On.ge-ს ჟურნალისტის ინფორმაციითვე პოლიცია აცხადებს, რომ მელიას სახელზე განჩინებაა გამოცემული, იქ შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს "არ შეუშალონ" მის აღსრულებას ხელი და არ გაუწიონ მათ წინააღმდეგობა.

აღსანიშნავია, რომ მელიას დაპატიმრება სწორედ ყოფილი პრემიემინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.