ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფი და ლეგენდარული ფრანგული დუეტი, დაფტ პანკი დაიშალა. მუსიკოსებმა ფანებისთვის სამწუხარო ამბავი 8-წუთიანი ვიდეოთი, სახელად Epilogue დააანონსეს, რომელიც 2006 წლის ფილმიდან, Electroma-დანაა ამოღებული.

ორი პარიზელი მუსიკოსის, ტომა ბანგალტერისა და გი-მანუელ დე ომემ-კრისტოს დუეტი 1993 წელს ჩამოყალიბდა. მათი სადებიუტო ალბომი, Homework კი 1997 წელს გამოვიდა. ჯგუფმა პოპისა და ელექტრონული მუსიკის მსმენელს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო შემოქმედება დაუტოვა.

ჯგუფის პუბლიცისტმა, კეტრინ ფრეზერმა სიახლე პიჩფორკთან დაადასტურა, თუმცა მიზეზებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

ჯგუფს საერთაშორისო აღიარება მოუტანა სინგლებმა One More Time; Harder, Better, Faster, Stronger და ა.შ.

თითქმის 30-წლიანი არსებობის ისტორიაში ჯგუფმა ჩვენი დროის, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სიმღერა, Get Lucky გამოუშვა, რომელიც 2013 წლის ალბომის, Random Access Memories-ის მთავარი სინგლიც გახდა. ალბომმა გრემიზე სამი ჯილდო მოიპოვა. ჯგუფს არსებობის ისტორიაში 6 გრემი აქვს მოპოვებული.

"სევდისმომგვრელია როცა უკვე იცი ყველა ხრიკი, თუ როგორ იქმნება ჯადოსნური მუსიკა. ჩვენ ვფოკუსირდებით ილუზიებზე, რადგანაც ამ ხრიკების სააშკარაოზე გამოტანა შემოქმედებას ღირებულებას და აღტაცებას უკარგავს", — ამბობდა ბანგალტერი 2013 წლის ინტერვიუში.

ჯგუფის ერთ-ერთი ბოლო და საუკეთესო კოლაბორაცია The Weeknd-ის ნოსტალგიური ჰანგებით გაჯერებულ სიმღერაში, I Feel It Coming, გვხვდება.