საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერმინისტორობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს, პოსტზე დამტკიცებამდე კორონავირუსის გამო არსებული რეგულაციების შემსუბუქების თხოვნით მიმართა.

ქვრივიშვილმა, რომელიც პარლამენტარობამდე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, ზამთრის კურორტების გახსნაზე საუბრისას განაცხადა, რომ სასტუმროებთან ერთად საბაგიროების მუშაობის აღდგენაც მნიშვნელოვანია.

"უკვე არაერთხელ აღინიშნა ზამთრის კურორტების ამოქმედების მნიშვნელობა. ჩვენ, რა თქმა უნდა გვესმის, რომ დრო საკმაოდ შეზღუდულია სეზონიდან გამომდინარე. უბრალოდ, მინდა გთხოვოთ, რომ თუკი ვსაუბრობთ ზამთრის კურორტებზე, ჩვენ განვიხილოთ ერთიანი ფორმით არა მხოლოდ სასტუმროების ამოქმედება, არამედ საბაგიროების, რადგან კერძო სექტორის ჰქონდეს სრული შესაძლებლობა, რომ სრულფასოვნად, თუნდაც მოკლე ვადით მაინც უმასპინძლოს შიდა და თუნდაც ცოტა საერთაშორისო სტუმარს", — განაცხადა ქვრივიშვილმა.

იგი შეეხო რესტორნების შიდა სივრცეების ამუშავების საკითხსაც.

"მისასალმებელია, რომ გარე სივრცეში მათ უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ სტუმრებს უმასპინძლონ, თუმცა გვესმის, რომ რთულია და მათ ძალიან სჭირდებათ, რომ უკვე შიდა სივრცეში შეძლონ, თუნდაც მკაცრი რეგულაციებით, უმასპინძლონ სტუმრებს", — ამბობს ქვრივიშვილი.

მან ასევე დღის წესრიგში დააყენა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენისა და ე.წ. კომენდანტის საათის გადაწევაც.

"ბოლო საკითხი, რომელიც ბმაშია ამ ყველაფერთან, ეს არის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და კომენდანტის საათი. რა თქმა უნდა, თხოვნა არ ეხება სრულებით გაუქმებას. ჩვენ გვესმის რისკები. თუმცა, თუნდაც ერთი ან ორი საათით გადაწევა კომენდანტის საათის, მისცემს კერძო სექტორს და თითოეულ რეგიონს და სოფელს იმის საშუალებას, რომ შიდა ტურიზმის, თუ საერთაშორისო ტურიზმის ეკონომიკური სარგებელი უკვე ჩვენ არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქალაქზე, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით განვავრცოთ", — განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დღეს პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს და პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურად დაამტკიცებს. ღარიბაშვილმა 19 თებერვალს ორი ახალი მინისტრი წარადგინა. თავდაცვის მინისტრის პოსტს ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, ხოლო რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს მისი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.