არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ოკუპირებული ცხინვალის იზოლატროში მოკლულის ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბნენ. ტატუნაშვილის მამა შვილის მკვლელების დასაკავებლად ქვეყნებს რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლისკენ მოუწოდებს.

"ქვეყნებმა მოახდინონ ზეწოლა რამენაირად რუსეთზე, რომ დაკავონ ის ორი პიროვნება. ბოლო იყოს ჩემი შვილი, რომ აღარ მოხდეს სხვების გატაცება, სხვების მკვლელობა ციხეში ჩასმა... ჩემი სურვილია, რომ შეწყდეს ოკუპაცია და ნუღარც ერთი მშობელი, ნუღარცერთი დედა ჩაიცვამს შავებს და ნუ გამწარდებიან", — ამბობს არჩილ ტატუნაშვილის მამა.

"სტრასბურგის გადაწყვეტიილების გამო, იმედი მომეცა ცოტა. ჩემს აჩიკოს ძალიან უყვარდა თავისი მშობლიური მიწა. როცა ერაყში წავიდა სამშვიდობო მისიით, სოფელ ყანჩევითიდან ზურგჩანთით წაიღო ერაყში მიწა. იმასაც კი ფიქრობდა იქ, რომ მომკვდარიყო ქართული მიწა დაყროდა გულზე. თუ გულის შეტევით გარდაიცვალა რა იქნა ის გული, რატომ არ გადმოსცეს შინაგანი ორგანოები, იმიტომ მიეჩქმალათ და მიემალათ ყველანაირი კვალი წაეშალათ", — ამბობს ჟურნალისტებთან არჩილ ტატუნაშვილის დედა.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში უკანონოდ დააკავა, რის შემდეგაც ცხინვალის იზოლატორში გარდაიცვალა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ტატუნაშვილს სიცოცხლისთვის შესაუბამო მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. მისი წამების ბრალდებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებზე, დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევზე ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული.

სახელმწიფომ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელი მოადგილე, ამჟამად კი პრემიერის მოადგილე კახა საბანაძე აცხადებდა, რომ ტატუნაშვილის მკვლელების კანონის სრული სიმკაცრით დასასჯელად ყველაფერს გააკეთბდნენ.