პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი არ არის ის კანდიდატი, რომელიც კომპრომისებზე წასვლას, გონივრული ნაბიჯების გადადგმას, ოპოზიციასთან დიალოგის მაგიდასთან დაჯდომას შეძლებდა. მისი თქმით, ღარიბაშვილი კონფრონტაციული და რადიკალურია.

"რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ 2 ხმა გვაქვს, მაგრამ ჩვენ ორნი, პარტია მოქალაქეების წარმომადგენლები, დეპუტატები არ დავუჭერთ ამ მთავრობას მხარს, პირველ რიგში, ღარიბაშვილი ღარიბაშვილის კანდიდატურის გამო. დღეს, ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა არის ორ ბანაკად გაყოფილი და იგლიჯება ეს ქვეყანა ამ ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის, ახლა ქართულ ოცნებას უნდა წარმოადგინა ისეთი კანდიდატი, ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც შეძლებდა კომპრომისებზე წასვლას, გონივრული ნაბიჯების გადადგმას, ოპოზიციასთან დიალოგის მაგიდაზე დაჯდომას, ვითარების განმუხტვას, ქვეყნის და ხალხის რეალურ პრობლემებზე ფიქრს. ღარიბაშვილი არის აბსოლუტურად 180 გრადუსით ამის საპირისპირო. ის არის ძალიან კონფრონტაციული, ის არის ძალიან რადიკალური. მას მიაჩნია, რომ მთავარი პოლიტიკოსისთვის არის ის, რომ უნდა სძულდეს, თან გულწრფელად სძულდეს ოპოზიცია და ეს პირიქით, უფრო დაამძიმებს სიტუაციას და ხელს არ შეუწყობს ვითარების განმუხტვას", — განაცხადა ელისაშვილმა.

დღეს პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს და პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურად დაამტკიცებს. ღარიბაშვილმა 19 თებერვალს ორი ახალი მინისტრი წარადგინა. თავდაცვის მინისტრის პოსტს ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, ხოლო რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს მისი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.