მეცნიერებმა ისტორიაში პირველად ისეთი ცოცხალი არსების კლონირება მოახდინეს, რომელიც გადაშენების პირას მყოფი სახეობების ჩამონათვალშია. საუბარია შავფეხა ქრცვინზე, რომელსაც ელიზაბეტ ენი დაარქვეს.

სულ ცოტა ხნის წინ, მას 2 თვე შეუსრულდა და როგორც მეცნიერები ამბობენ, ის თავს მშვენივრად გრძნობს. კლონირების ეს მეთოდი ძალიან მნიშვნელოვანია და ნიშნავს, რომ ამით გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადარჩენა შეგვიძლია.

ახალი მეთოდი

კლონირების ტექნოლოგია სულაც არ არის ახალი, მაგრამ ბოლოდროინდელი მიღწევები კონსერვაციონისტებს გადაშენების პირას მყოფი ცხოველების დაცვის საშუალებას აძლევს. მნიშვნელოვანია, რომ ელიზაბეტ ენი 30 წლის წინ მცხოვრები ქრცვინის კლონია.

"კლონირების გარდა საჭიროა მკვდარი ცხოველის გენების კონსერვაცია. მნიშვნელოვანია ორგანიზმების გენებს ვინახავდეთ, რათა საჭიროების შემთხვევაში მათი კლონირება შეგვეძლოს." — თქვა რაიენ ფელანმა, მეცნიერმა, რომელიც ცხოველის კლონირებაზე მუშაობდა.

გამოწვევები

ელიზაბეტ ენის გაჩენა 7 წლის ძალისხმევის შედეგია. მისი დაბადება და გადარჩენა მიგვანიშნებს, რომ გადაშენების პირას მყოფი ცხოველების დაცვა შეგვიძლია.

თუმცა, მსგავსი კლონირება გამოწვევების გარეშე ვერ იქნება. დღეს ყველა შავფეხა ქრცვინი მხოლოდ შვიდი წინაპრისგან მოდის. ასეთი გენეტიკური მსგავსება კი, სახეობას დაავადებების მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის. კლონირების ტექნოლოგიას ქრცვინების გამრავლება და მათი გენის გამეორება შეუძლია, თუმცა, ისეთი გენეტიკური მრავალფეროვნების შემოტანა, რაც სახეობებს უფრო დაცულს გახდის, ნამდვილად რთული იქნება.