საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდი უნიკალური გამონაკლისია საქართველოსთვის. ამის შესახებ ღარიბაშვილმა საქართვლოს პარლამენტში, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას განაცხადა.

"არაერთხელ მითქვამს, კიდევ მინდა გავიმეორო და ყოველთვის გავიმეორებ — ჩვენ გვაქვს უნიკალური პერიოდი, ეს 8-წლიანი პერიოდი, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის, იყო ის უნიკალური გამონაკლისი, როცა ჩვენს ქვეყანას არც ომი ჰქონია, არც დესტაბილიზაცია, არც რაიმე მნიშვნელოვანი საფრთხეები არ შეგვხვედრია. ამას სჭირდება შენარჩუნება. ამას სჭირდება დაცვა და ამას ჩვენ მტკიცედ დავიცავთ", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს და პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურად დაამტკიცებს. ღარიბაშვილმა 19 თებერვალს ორი ახალი მინისტრი წარადგინა. თავდაცვის მინისტრის პოსტს ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, ხოლო რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს მისი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.

გაიგეთ მეტი: