"ჩვენი პოლიტიკური პოზიციები შეიძლება ვერასდროს დაუახლოვდეს ერთმანეთს და ღმერთმა დამიფაროს, რომ დაუახლოვდეს მათ პოზიციებს", — ასე მიმართა ოპოზიციას პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და განაცხადა, რომ სამუშაო რეჟიმში ამ პოზიციების "დახვეწა" შესაძლებელია.

"მე მინდა მათ [ოპოზიციას] მივმართო. არ შეიძლება არსებობდეს იმაზე მეტი საფუძველი კონსესუსითვის, ვიდრე ქვეყნის მომავალია. ჩვენი პოლიტიკური პოზიციები შეიძლება ვერასდროს დაუახლოვდეს ერთმანეთს და ღმერთმა დამიფაროს, რომ დაუახლოვდეს, მათ პოზიციებს, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება, სამუშაო რეჟიმში დისკუსია ყველას დაგვეხმარება მათ დახვეწაში. მერწმუნეთ, ხალხს ნაკლებად აინტერესებს, მაგალითად, საარჩევნო კოდექსის რაღაც გარკევული დეტალები, ის თუ რა გზით მოხვდებიან ადამიანები პარლამენტში, თუკი ამ ტრიბუნიდან არ ისმის მათი სათქმელი", — თქვა მან.

დღეს პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს და პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურად დაამტკიცებს. ღარიბაშვილმა 19 თებერვალს ორი ახალი მინისტრი წარადგინა. თავდაცვის მინისტრის პოსტს ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, ხოლო რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს მისი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში 18 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.

იმავე დღეს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს, ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი მეორედ გახდება.