მსოფლიო სტატისტიკას თუ გადავხედავთ, კორონავირუსის შემთხვევებმა აშკარად იკლო.

Axios-ის მიხედვით, გასულ კვირას აშშ-ში COVID-19-ის საშუალო 82 000 ახალი შემთხვევა აღინიშნებოდა ყოველდღიურად. რამდენიმე შტატში შემთხვევების რიცხვი ისევ იზრდება, თუმცა მთელ ქვეყანაში საერთო მაჩვენებელმა 24%-ით იკლო. რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს, Deutsche Welle იუწყება, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გასულ ოთხშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ახალი შემთხვევების რიცხვმა 16%-ით იკლო.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი ამბავია. შემთხვევების რიცხვის შემცირება მსოფლიოს გარშემო ჯანდაცვის სისტემებსაც შეუმსუბუქებს საქმეს, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ პანდემია დასასრულისგან ჯერ საკმაოდ შორსაა და თუ მისი დამარცხება გვინდა, ამისთვის ყველანი ფხიზლად უნდა დავრჩეთ და განვაგრძოთ ეპიდემიოლოგებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინება.

არ არსებობს ერთი, გამორჩეული მიზეზი იმისა, თუ რატომ იკლებს შემთხვევები. ფლორიდას უნივერსიტეტის ბიოსტატისტიკოსის, ნატალი დინის აზრით, სავარაუდოდ, ეს გამოიწვია ყველა იმ ფაქტორების კომბინაციამ, რომელსაც მსოფლიო პანდემიასთან საბრძოლველად იყენებს. მათ შორისაა ვაქცინაციის დაჩქარება და ადამიანის ქცევითი ცვლილებები.

გარდა ამისა, არდადეგებისა და დღესასწაულების პერიოდმა საბოლოოდ ჩაიარა. როგორც დინი აღნიშნავს, ჩვენი "დროებით გაფართოებული " სოციალური კავშირები შესაძლოა საბოლოოდ შემცირდა, რამაც ასევე შეუწყო ხელი ვირუსის ახალი შემთხვევების შემცირებას.

Deutsche Welle-ს მიხედვით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღნიშნული სტატისტიკის უმთავრეს ფაქტორად ვაქცინაციასა და ლოქდაუნს მიიჩნევს.

ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, თუ რა არის ის სპეციფიური ფაქტორები, რამაც ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია, თუმცა ეპიდემიოლოგებსა და ექსპერტებს საკმარისი დრო აქვთ იმისთვის, რომ მონაცემები სრულად შეისწავლონ და აქედან გარკვეული მყარი დასკვნებიც გამოიტანონ.