კერძო ბაღების წარმომადგენლები მუშაობის უფლებას და 1-ლი მარტიდან გახსნას ითხოვენ. მათი განცხადებით, არასწორია, როცა სამთავრობო უწყებები გადაწყვეტილების მიღების დროს კერძო და საჯარო ბაღებს ერთ კონტექსტში განიხილავენ.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 1-ელ მარტს მოხდეს ფუნქციონირების აღდგენა. კატეგორიული მოთხოვნა არის, რომ გავიმიჯნოთ საჯარო ბაღებისგან და საბაბი არ იყოს ის, რომ თუ არ ხსნით საჯარო ბაღს, არ ხსნით კერძო ბაღსაც. ასეთი მიდგომა არის არასწორი [...]

მასშტაბურად ისინი გაცილებით დიდები არიან, ვიდრე ჩვენი სექტორი. შეფარდებით რომ ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს საზამთროს მოცულობა და მისი კურკა, ამხელა განსხვავება არის მათ შორის რაოდენობრივადაც, დაფინანსების წყაროს კუთხითაც ", — აცხადებს გივი სისვაძე, საგანმანათლებლო ასოციაცია მნათის ხელმძღვანელი.

კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენელთა ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საბავშვო ბაღები აგრძელებნ ფუნქციონირება. მწვანე ალუბლის წარმომადგენლის, თამარ ბაქრაძის თქმით, ისინი დაუკავშირდნენ უცხოეთში მომუშავე ადრეული განათლების სპეციალისტებს და მათგან გაიზიარეს გამოცდილება,

"დავუკავშირდით ჩვენს მეგობრებს, ადრეული განათლების სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობენ საზღვარგარეთ — აშშ-ში, ნორვეგიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში და მათ მოგვაწოდეს მათი რეგულაციები, რომლის საშუალებითაც ისინი ახერხებენ, რომ არ დაკეტონ ბაღები და განაგრძონ მუშაობა. ეს გულისხმობს ბავშვების რაოდენობის შემცირებას ჯგუფებში.

კლასტერებად ხდება ჯგუფების გამოყოფ, რომელთაც ერთმანეთთან კონტაქტი არ აქვთ და მინიმალურად აქვთ შეხება ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე თავიდან ავირიდებთ კოვიდის ფართოდ გავრცელებას", — განაცხადა თამარ ბაქრაძემ.

ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობის სიმცირეს და ამ ჯგუფების ერთმანეთისგან გამიჯვნას უსვამს ხაზს გიგი სისვაძეც.

"საჯარო ბაღებში ჯგუფების რიცხოვრობა არის დაახლოებით 20-25 ან 40 ბავშვამდე. კერძო ბაღებში, ჯგუფების რიცხოვნობა ჩვენ დავწიეთ. ანუ, ახალი ინსტრუქციით არაუმეტეს 10 ბავშვი უნდა იყოს ჯგუფში. შესაბამისად, პედაგოგებს, მედ-პერსონალს, დასუფთავების სპეციალისტებს ერთმანეთთან შეხება და კვეთა ჯგუფებთან არ აქვთ. თუ რომელიმე ჯგუფი კლასტერი აღმოჩნდება, ის ჯგუფი ლოკალურად გაეთიშება სასწავლო პროცესს და ბაღი არ შეწყვეტს ამის შედეგად ფუნქციონირებას. შანსი, რომ რომელიმე ჯგუფიდან სხვა ჯგუფში გავრცელდეს ვირუსი, ყველაზე ნაკლებია კერძო ბაღების შემთხვევაში", — განაცხადა სისვაძემ.

კერძო საჯარო ბაღების წარმომადგენლები მზად არიან შეხვდნენ ეპიდემიოლოგებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და მათი რეკომენდაციების შესაბამისად დაგეგმონ სასწავლო პროცესი ბაღებში იმ შემთხვევაში თუ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნა და შეძლებენ გახსნას 1-ლი მარტიდან.