პრემიემინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვარდების რევოლუციის შედეგად, განვითარების ნაცვლად "ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება" მივიღეთ. ამის შესახებ მან პარლამენტში ისაუბრა და ქვეყნის განვითარებისთვის საკუთარი ხედვები ფრაქცია ქართულ ოცნებას გააცნო.

"მძიმე ათწლეულებით დაღლილმა ხალხმა მთელი იმედები ე.წ. ვარდების რევოლუციაზე დაამყარა, შედეგად კი მოჩვენებითი განვითარების ნაცვლად მივიღეთ ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ადამიანების წამება, ყველა უფლების ფეხქვეშ გათელვა, საბედისწერო ომი უმძიმესი შედეგებით, რამაც კიდევ უფრო გაართულა კონსტრუქციული, რაციონალური პოლიტიკისა და დიპლომატიის გზით აფხაზებსა და ოსებთან შერიგების შესაძლებლობა", — განაცხადა მან.

სხვას ამბობს ოფიციალური მონაცემები, რომელთა თანახმადაც საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ ეკონომიკა, მეტწილად, იზრდებოდა. 2004 წელს საქართველოს მშპ-მ 18,8 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო 2011 წელს ეს მაჩვენებელი 28,6 მილიარდამდე იყო გაზრდილი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით კი, 2007 წელს ეკონომიკა 12,6%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე დიდი ზრდა იყო ქვეყნის ისტორიაში.

დღეს პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს და პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურად დაამტკიცებს. ღარიბაშვილმა 19 თებერვალს ორი ახალი მინისტრი წარადგინა. თავდაცვის მინისტრის პოსტს ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, ხოლო რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს მისი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში 18 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.

იმავე დღეს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს, ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი მეორედ გახდება.