პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს მიმართა და მადლობა გადაუხადა უწყების ეფექტიანი მართვისთვის.

"რაც შეეხება უსაფრთხოებას, პოლიციას, ჯარს და უსაფრთხოების სამსახურებს, მე მინდა, პირველ რიგში, დავიწყო იმით, რომ ჩემი სრული მხარდაჭერა ბატონ გომელაურს, რომელიც ძალიან ეფექტიანად მართავს თავის უწყებას. სრული მხარდაჭერა თითოეულ პოლიციელს და მე მინდა ამ ტრიბუნიდან გადავუხადო გულწრფელი მადლობა. მე ვიცი რას ნიშნავს პოლიციელის მუშაობა, პოლიციელი არის გმირი, მეგობრებო. 24 საათის განმავლობაში ჩვენი პოლიციელები ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი შვილების, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. იმაზე, რომ ჩვენ გვეძინოს მშვიდად. ის აღვირახსნილი, ის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რაც მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არის ყოვლად მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელი. ამიტომ, ეს ქაოსი უნდა დასრულდეს. სრული მხარდაჭერა თქვენ, ბატონო ვახტანგ, სრული მხარდაჭერა ჩვენს პოლიციას და მადლობა კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღეს პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს და პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურად დაამტკიცებს. ღარიბაშვილმა 19 თებერვალს ორი ახალი მინისტრი წარადგინა. თავდაცვის მინისტრის პოსტს ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, ხოლო რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს მისი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში 18 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.

იმავე დღეს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს, ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი მეორედ გახდება.