ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებას იმის შესახებ, რომ ხელისუფლება დიალოგზე არ მოდის, არასწორს უწოდებს. სარჯველაძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღიდანვე მთავარი გზავნილი, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება ამბობს, საკითხების მოლაპარაკებების გზით გადაჭრაა.

"მგონი, შეფასება არასწორია, როდესაც რაიმე ფორმით შეიძლება ქართული ოცნება აღმოჩნდეს კრიტიკის საგანი იმ თვალსაზრისით, რომ მოლაპარაკებებს რაიმე ფორმით ხელს არ უწყობდეს. პირიქით, მაგალითად, არჩევნების მომდევნო დღიდანვე მთავარი გზავნილი, რომელსაც ამ შემთხვევაში ქართული ოცნების ხელისუფლება ამბობს, ეს არის მოლაპარაკებების გზით საკითხების გადაჭრა. ეს რჩება ჩვენს დღის წესრიგში მთავარ საშუალებად პოლიტიკური პროცესების წარმართვისა, განსხვავებით სწორედ გარკვეული ოპოზიციური ძალებისგან, რომელთაც მართლა აქვთ სრულიად დესტრუქციული დღის წესრიგი", — აცხადებს სარჯველაძე.

მისივე თქმით, პოლიტიკური ოპონენტების დევნა არ ხორციელდება და ეს არის ის, რასაც მკაცრად ემიჯნება.

"ამ შემთხვევაში, რა ბედი ელის ნიკა მელიას ეს გადაწყვეტილი აქვს სასამართლოს და შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არის ის ფუნდამენტური პრინციპი, კონსტიტუციური პრინციპი ჩვენი ქვეყნის ბაზისია ეს, რომელსაც აღსრულება დაცვა და პატივისცემა სჭირდება. სხვაგვარი ქცევა ნებისმიერი საწინააღმდეგო მიმართულებით სვლა, არის ძირის გამოთხრა ჩვენი სახელმწიფოსთვის. არ მგონია, საქმეში ჩახედული რომელი დემოკრატი და თავისუფალი სახელმწიფოს წარმომადგენელი აცხადებდეს იმას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა აღსრულდეს. ასეთი რამ წარმოუდგენელი და მიუღებელია", — განაცხადა სარჯველაძემ.

ჟიგიმანტას პავილიონისმა ტვიტერზე დაწერა, რომ ქართული ოცნების გარდა, დიალოგის კეთილი ნების შესახებ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საჯაროდ განაცხადა. მან, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას საქმისთვის ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა.