ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონის განცხადებით, დემოკრატიის პრინციპების უგულებელჰყოფისა და ოპონენტების დაპატიმრების დროს, სანქციების დაწესებაზე იწყება საუბარი.

"სანქციების საკითხი ჯერ დღის წესრიგში არ დგას, რადგან ვიმედოვნებ, მთავრობა დიალოგს დათანხმდება. ოპოზიციის ლიდერის დაკავება დემოკრატიის გზა არა არის. მელიას თუ დააპატიმრებენ, იქნება რეაგირება. ჩვენ შევაგროვებთ ყველა ინფორმაციას და პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი ფასის გადახდა მოუწევთ...

საქართველო დემოკრატიის ლიდერია რეგიონში და მინდა, რომ ასე გაგრძელდეს. თქვენ ევგროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების რეალური შანსი გაქვთ ახლა. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები", — განაცხადა პავილიონისმა ოპოზციის ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დიდი ყურადღება დიდი ექნება.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას თვეებია ითხოვს.

ამას თან დაერთო ნაციონალური მოძრაობის თამჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუფარდება.

მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში 18 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.