Maroon 5 ჩრდილოეთ კაროლინაში დაგეგმილ ორ კონცერტს, შტატში მიღებული ანტი-ლგბტ კანონის გამო, აღარ ჩაატარებს. ინფორმაცია ამის შესახებ ჯგუფმა დღეს, საკუთარ ვებსაიტზე გაავრცელა.

"ჩვენთვის ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო", ნათქვამია განცხადებაში. "არ გვსურს ჩვენი ფანების დაზარალება ჩრდილოეთ კაროლინაში კონცერტების გაუქმებით, მაგრამ საბოლოოდ, მთავარია რას ვთვლით მორალურად სწორ გადაწყვეტილებად."

შოუები 11 და 12 სექტემბერს შარლოტსა და როლიში უნდა გამართულიყო. "ჩვენ ვთვლით, რომ ყველას თანასწორად უნდა ეპყრობოდნენ", ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ჯგუფის პროტესტი HB2 კანონს ეხება, რომელიც პირებს ავალდებულებს, გამოიყენონ იმ სქესის შესაბამისი საზოგადოებრივი ტუალეტები, რა სქესიც მათ დაბადების მოწმობაშია მითითებული. ეს შეზღუდვა ტრანსგენდერ ხალხს, ვისაც არ აქვს შეცვლილი დაბადების მოწმობა, ართმევს საშუალებას, ისარგებლონ თავიანთი გენდერული იდენტობის შესაბამისი ტუალეტებით. სამხრეთ კაროლინაში, დაბადების მოწმობაში სქესის ჩანაწერის შეცვლა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც სქესი ქირურგიული ჩარევის გზით აქვთ შეცვლილი.

Maroon 5-ის გადაწყვეტილებამ ჩრდილოეთ კაროლინის გუბერნატორის პეტ მაკკრორის განრისხება გამოიწვია. "ათასობით კონცერტი ჩატარებულა ჩვენს შტატში ამ კანონის მიღების შემდეგ, მათ შორის - ბიონსესი", განაცხადა გუბერნატორის სპიკერმა. "ამ თვალთმაქცური გადაწყვეტილებით, მხოლოდ მათივე ფანებს და შოუს მომსახურე პერსონალს აზარალებენ, მაშინ, როდესაც საზღვარგარეთ, რუსეთშიც კი, კონცერტებს არ აუქმებენ".

გარდა Maroon 5-სა, HB2 კანონს შოუების გაუქმებით სხვა შემსრულებლებიც აპროტესტებენ. მათ შორისაა მომღერალ ადამ ლევინის ბენდი, ბრიუს სპრინგსტინი, E Street Band, როკ-ჯგუფი Pearl Jam, ნიკ ჯონასი, დემი ლოვატო და რინგო სტარი. ასევე, შოუ ჩრდილოეთ კაროლინაში გააუქმა Cirque du Soleil-ს კოლექტივმა. პროტესტს რამდენიმე კომპანიაც უერთდება. დოიჩე ბანკმა და ფეიფელმა ჩრდილოეთ კაროლინაში გაფართოების გეგმები შეაჩერეს, რამაც შტატს 650 სამუშაო ადგილი დააკარგვინა.

Maroon 5 კონცერტს საქართველოშიც მართავს. პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, ჯგუფი ბათუმს 7 ივნისს ეწვევა.