ქართული გამოთქმა სწავლას სიბერემდე გვირჩევს და მართალიცაა — ეს პროცესი სრულიად ბუნებრივად გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. დაწყებული "რაც მოგივა დავითაოს" დავითიდან, "ნამუსიც კაი საქონელიას" საქონლამდე — ის, რაც გეგონათ, რომ იცოდით, შესაძლოა, სულაც არ აღმოჩნდეს სიმართლე. მერე კი იაზრებთ, რომ მთელი ცხოვრება ტყუილში გიცხოვრიათ.

სამაგიეროდ, ამ სტატიაში ისეთ ფაქტებს შემოგთავაზებთ, რომელთაც წაკითხვის შემდეგ ვეღარ დაივიწყებთ. რაც მთავარია, სათუოა, რომელიმე მათგანი აქამდე გქონდეთ გაგონილი.

1. პოდკასტი, რეალურად, სიტყვათშეთანხმებაა — აიპოდისა და მაუწყებლობის (ინგლისურად "ბროუდკასტ") შერწყმით შეიქმნა

ფოტო: Cate Gillon / Getty Images

ეს ტერმინი მსგავსი მედიაპროდუქტის აღსანიშნავ ერთ-ერთ ვერსიად გამოიყენა ბრიტანელმა ჟურნალისტმა The Guardian-ის 2004 წლის სტატიაში.

სხვათა შორის, თუ ტექნოლოგიური და სამეცნიერო ამბები გაინტერესებთ, შეგიძლიათ, ჩვენი პოდკასტების სერიასაც მოუსმინოთ.

2. პირველი მოკლეტექსტური შეტყობინება მობილურ ტელეფონზე თითქმის 30 წლის წინ გაიგზავნა — "შობას გილოცავთ"

ფოტო: Jeff Overs / BBC News & Current Affairs

პირველი "ესემესი" 1992 წელს, კომპიუტერიდან უფროსის მობილურ ტელეფონზე გაგზავნა ტელეკომუნიკაციის ბრიტანული კომპანია Vodafone-ის თანამშრომელმა. მარტივ ტექსტს — "შობას გილოცავთ" — უფროსისგან პასუხი არ მოჰყოლია, რადგან ამის ფუნქცია მაშინდელ მობილურ ტელეფონებს არ ჰქონდათ.

3. ზმნა "დაგუგლვა", რომელმაც ფეხი ქართულ ენაშიც მოიკიდა, პირველად სერიალ Buffy the Vampire Slayer-ში გამოიყენეს 2002 წელს

ფოტო: Sony Television

4. გვენ სტეფანის Hollaback Girl 2005 წელს პირველი სიმღერა გახდა, რომელიც ციფრული ვერსიით მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა

ფოტო: UMG

5. სიტყვა "მიმიც" არახალია — იგი 1976 წელს გამოიყენა ბიოლოგმა რიჩარდ დოკინსმა საკუთარ წიგნში The Selfish Gene

ფოტო: Know your meme

თუმცა, ცხადია, მნიშვნელობა დღევანდელი სიტყვისგან განსხვავდებოდა.

6. პირველი წიგნი, რომელიც ამაზონზე გაიყიდა (1995 წელს), დაგლას ჰოფშტადტერის Fluid Concepts and Creative Analogies იყო

ფოტო: Amazon

7. მაკდონალდსმა ქათმის ნაგეტები გასული საუკუნის 70-იან წლებში, თავისი მომხმარებლის დიეტურ კვებაზე გადასვლის გამო შექმნა

ფოტო: Picture Alliance / picture alliance / Getty Image

მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ ადამიანები, მაშინ გავრცელებული დიეტის კვალდაკვალ, სხვა ხორცს ქათმის ჭამას ამჯობინებდნენ.

8. "დიდი დეპრესიის" პერიოდამდე (მეოცე საუკუნის 20-30-იანი წლები) კინოთეატრებში პოპკორნი არ იყიდებოდა

ფოტო: Corina Rainer / Unsplash

რა თქმა უნდა, წასახემსებლის კინოდარბაზში შეტანა მანამდეც შეიძლებოდა, თუმცა მხოლოდ 30-იანი წლების მიწურულს მიხვდნენ მეპატრონეები, რომ იაფიანი პოპკორნის გაყიდვა დამატებითი შემოსავალი იყო.