შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიციის დეპარტამენტებში ბავშვის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

"კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით არასრულწლოვნების მიერ და მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ახდენს რეაგირებას. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში, UNICEF-ის კონცეფციის შესაბამისად, ბავშვზე მორგებული გარემო შექმნილია თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში. 2021 წელს გაგრძელდება მსგავსი სივრცეების მოწყობა პოლიციის დანაყოფებში", — განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მეორე დღეა საკანონმდებლო ორგანოში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ორშაბათს კი პარლამენტი ახალ პრემირმინისტრსა და მთავრობის კაბინეტს დაამტკიცებს.

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობისა და მთავრობის მეთაურის დამტკიცება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა.