შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს წინ კარავის განთავსებას პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი ზღუდავს.

უწყება აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ "სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი".

"პარლამენტის წინ კარავის განთავსება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, სამართალდარღვევის თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით იზღუდება", — აღნიშნავენ შსს-ში.

მათივე თქმით, დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე 8 პირი დააკავეს. აღნიშნული მუხლი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

"არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, გააგრძელეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ შესთავაზეს ალტერნატიული ადგილი კარვის გასაშლელად. მნიშვნელოვანია, რომ აქციის მონაწილეებს რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდათ კარავი გაშლილი საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ, რაშიც პოლიციას მათთვის ხელი არ შეუშლია", — აცხადებენ შსს-ში.

საკანონმდებლო ორგანის წინ გაშლას პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც აქციის მონაწილეები დააკავეს. სამართალდამცავებმა აქტივისტებს კარვის გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს.