სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, მიმართვის საფუძველზე გამოიძიებენ გუშინ, 19 თებერვალს პარლამენტთან პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების სავარაუდო ფაქტებს.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ამ ეტაპისთვის გამოკითხულია აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი პირი, რომელსაც დაენიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, გამოკითხვის მიზნით, დაბარებულნი არიან სხვა დაკავებულები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები", — წერია მათ განცხადებაში.

გუშინ აქციაზე 25 ადამიანი დააკავეს და ხელწერილით გაათავისუფლეს. ყველა მათგანს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქტისტებს პარლამენტის წინ კარვის გაშლა სურდათ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლებდა. აღნიშნულს ხმაური და სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ აქციაზე მყოფი პირების დაკავება დაიწყო, მათ შორის პარტია ლელოს წევრებიც იყვნენ.

სახალხო დამცველი პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეებისთვის კარვის გაშლის ხელშეშლაზე აცხადებს, რომ როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას, აღნიშნული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია. ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ თავის მხრივ, ასეთი საშიშროება პარლამენტის შენობის წინ არსებულ ფართო ტროტუარზე არ იკვეთება. ომბუდსმენი აცხადებს, რომ მსგავსი დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული.