შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით პარლამენტთან აქციის დროს 25 პირი დააკავეს. ყველა მათგანს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. როგორც უწყებაში აცხადებენ, ყველა დაკავებული გამოკითხვის შემდეგ, ხელწერილით გათავისუფლდა.

"არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, გააგრძელეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება", — აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქტისტებს პარლამენტის წინ კარვის გაშლა სურდათ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლებდა. აღნიშნულს ხმაური და სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ აქციაზე მყოფი პირების დაკავება დაიწყო, მათ შორის პარტია ლელოს წევრებიც იყვნენ.

სახალხო დამცველი პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეებისთვის კარვის გაშლის ხელშეშლაზე აცხადებს, რომ როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას, აღნიშნული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია. ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ თავის მხრივ, ასეთი საშიშროება პარლამენტის შენობის წინ არსებულ ფართო ტროტუარზე არ იკვეთება. ომბუდსმენი აცხადებს, რომ მსგავსი დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული.