"უბინაოები იყვნენ ესენი?" — ასე პასუხობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტის კითხვას, რას ფიქრობს ისაქტივისტებისთვის პოლიციის მხრიდან კარვის გაშლის შესაძლებლობის ჩამორთმევაზე.

ქადაგიშვილს მიაჩნია, რომ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე კარვის გაშლა, "როცა ეს ვიღაცას მოუნდება, გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი არ არის". მისივე თქმით, გამოხატვის თავისუფლებასა და დესტრუქციას შორის ზღვარი უნდა გაივლოს.

"საქართველოში არ იზღუდება გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ გამოხატვის საშუალება არ ნიშნავს, რომ მე ყველაფრის გაკეთების უფლება მაქვს. გავავლოთ ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და დესტრუქციას შორის... როდესაც რომელიღაცა აქტივისტი არღვევს უხეშად კანონს, მის დაკავებას, აგრეთვე, დემოკრატიული პროცედურის ნაწილია დემოკრატიული წესით. კარვის გაშლა ცენტრალურ ქუჩაზე, როცა გამიხარდება და მომინდება, გამოხატვის მაღალი სტანდარტი არ არის", — განაცხადა ქადაგიშვილმა.

პარლამენტთან, სადაც აქტივისტები კარვის გაშლას ცდილობდნენ, 10 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ ათივე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პარლამენტთან შეკრებილები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. მათი თქმით, დაკავებისას ძალაც გამოიყენეს.

სახალხო დამცველი პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეებისთვის კარვის გაშლის ხელშეშლაზე აცხადებს, რომ როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას, აღნიშნული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია.

ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ თავის მხრივ, ასეთი საშიშროება პარლამენტის შენობის წინ არსებულ ფართო ტროტუარზე არ იკვეთება. ომბუდსმენი აცხადებს, რომ მსგავსი დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული.