42 000 წლის წინ, მზის აქტივობის შემცირებასთან ერთად, დედამიწის მაგნიტური პოლუსების ცვლილებას, შესაძლოა დედამიწაზე აპოკალიპტური გარემო-პირობების შექმნა გამოეწვია. ეს კი, მკვლევრების აზრით, დიდ როლს ითამაშებდა ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებში, როგორებიცაა მეგაფაუნის განადგურება და ნეანდერტალელების გადაშენება.

დედამიწის მაგნიტური ველი წარმოადგენს ფარს, რომელიც ჩვენს პლანეტას საზიანო კოსმოსური რადიაციისგან იცავს, მაგრამ, როდესაც პოლუსები ერთმანეთს ადგილს უცვლიან, რაც წარსულში არაერთხელ მოხდა, ამ დროს დამცავი ფარი ექსტრემალურად სუსტდება და ტოვებს პლანეტას დაუცველს მაღალენერგიული ნაწილაკების წინაშე.

პოლუსების დროებითი ცვლილება, რომელიც ლაშამპის ექსკურსის სახელითაა ცნობილი, 42 000 წლის წინ მოხდა და დაახლოებით 1 000 წლის მანძილზე გრძელდებოდა. აქამდე ჩატარებულმა სამუშაოებმა იმის ძალიან მცირე მტკიცებულება აჩვენა, რომ ამ მოვლენას რაიმე მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდა პლანეტაზე. სავარაუდოდ, ეს იმიტომ მოხდა, რომ მკვლევრებმა ნაკლები ყურადღება გაამახვილეს იმ პერიოდზე, რომლის მანძილზეც პოლუსები იცვლებოდა.

ახლა კი მეცნიერები ამბობენ, რომ პოლუსების გადანაცვლება მზის აქტივობის შემცირების დროს შესაძლოა ყოფილიყო მიზეზი მთელი რიგი კლიმატური და გარემოს დრამატული ცვლილებებისა. "ეს ალბათ სამყაროს დასასრულს მოგვაგონებდა", — ამბობს კვლევის თანაავტორი და ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის პროფესორი.

ჟურნალ Science-ს თარნიმ და მისმა კოლეგებმა განუმარტეს ის პროცესი, თუ როგორ ჩაატარეს მათ რადიოკარბონული ანალიზი ანტიკური კაურის ხეებზე, რომლებიც ჩრდილოეთ ახალი ზელანდიის ჭაობებში იყო განამარხებული. მათი ნაწილი 42 000 წელზე უფრო დიდი ხნით თარიღდება.

ამან გუნდს მისცა საშუალება, გამოეკვლიათ დედამიწის ატმოსფეროში ნახშირბად-14-ის დონის მატება, რაც დაკავშირებული იყო მაღალ კოსმოსური რადიაციასთან, რომელიც დედამიწას ლაშამპის ექსკურსის დროს ასხივებდა. შედეგად, მათ შეძლეს ატმოსფერული ცვლილებების დათარიღება უფრო დეტალურად, ვიდრე არსებული კვლევები გვთავაზობდნენ აქამდე აღებული მონაცემების საფუძველზე (მაგალითად, მინერალების ნალექის გამოკვლევის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე).

შემდეგ, მეცნიერებმა დაიწყეს მონაცემების აღება დედამიწის გარშემო, მათ შორის ტბებისა და ყინულების სიღრმეებიდან და აღმოაჩინეს, რომ უმთავრესი ცვლილებები გარემოში მიმდინარეობდა ზუსტად მაშინ, როდესაც ნახშირბად-14-ის დონემ ატმოსფეროში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

"ჩვენ ვაკვირდებოდით ყინულის საფარის მასიურ ზრდას ჩრდილო ამერიკაში, ტროპიკული წვიმების სარტყელს დასავლეთ წყნარ ოკეანეში, რომელიც დრამატულად იცვლებოდა იმ დროს და შემდეგ ასევე ქარის სარტყლებს სამხრეთის ოკეანეში და ავსტრალიას, რომელიც უფროდაუფრო მშრალ ადგილად იქცეოდა", — ამბობს თარნი.

მკვლევრებმა ასევე გამოიყენეს მოდელი, რათა შეესწავლათ, თუ როგორი ქიმიური პროცესები წარმიმართებოდა დედამიწის ატმოსფეროში იმ შემთხვევაში, თუ პლანეტა დაკარგავდა მაგნიტურ ველს და თუ დიდი მზის დაბალი აქტიურობის ფაზა დიდ ხანს გაგრძელდებოდა (რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო დაასუსტებდა დედამიწის ფარს, რომელსაც იგი კოსმოსური რადიაციისგან უნდა დაეცვა). ყუნულის სიღრმეებიდან აღებული მონაცემები გვთავაზობს, რომ მზის აქტივობის ასეთი შემცირებები, რომელიც ცნობილია, როგორც "grand solar minima", ლაშამპის ექსკურსს დაემთხვა.

შედეგები აჩვენებს, რომ ატმოსფერულ ცვლილებებს შესაძლოა გამოეწვია კლიმატის შეცვლის მასშტაბური პროცესები, ელექტრული ქარიშხლები და დიდ მანძილზე გავრცელებული ფერადი აურორა.

გარემოს ცვლილებებმა პოტენციურად დააჩქარეს ყინულის საფარის მატება და წვლილი შეიტანეს ავსტრალიის მეგაფაუნას გადაშენებაში. გუნდის მიხედვით, ეს პროცესები, შესაძლოა, ასევე დაკავშირებული იყოს წითელი პიგმენტის (რკინის ოქსიდისა და თიხის ნარევი) ანაბეჭდის გაჩენასთან, რაც გვთავაზობს, რომ ადამიანებს, შესაძლოა, აღნიშნული პიგმენტები მზისგან დამცავი კრემის სახით გამოეყენებინათ გაზრდილი ულტრაიისფერი რადიაციის წინააღმდეგ, რაც ოზონის ფენის შემცირებამ გამოიწვია.

მეცნიერები ასევე აღნიშნავენ იმ დროისთვის გამოქვაბულების გამოყენების გახშირებას ჩვენი წინაპრების მიერ და გამოქვებულებში ხლელოვნების ნიმუშების რაოდენობის ზრდასაც, რაც შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ იმ დროს მიწისქვეშა გამოქვაბულები უკეთეს თავშესაფარს წარმოადგენდა გარემოს მძიმე პირობებისგან დასაცავად. თარნის თქმით, სიტუაციას შესაძლოა ასევე გაეზარდა კონკურენცია, რამაც სავარაუდოდ ნეანდერტალელების გადაშენებას შეუწყო ხელი.

დედამიწის მაგნიტური ველი დაახლოებით 9%-ით შესუსტდა უკანასკნელი 170 წლის მანძილზე და მკვლევრები ფიქრობენ, რომ მაგნიტური პოლუსების ცვლილება მომავალშიც არის მოსალოდნელი. ასეთმა შემთხვევამ, შესაძლოა, საშინელი გავლენა იქონიოს პლანეტაზე და გამოიწვიოს ელექტროენერგიის ქსელებისა და სატელიტური ქსელების განადგურება.

რიჩარდ ჰორნი, British Antarctic Survey-ის კოსმოსის, ამინდისა და ატმოსფეროს ხელმძღვანელი, რომელიც აღნიშნულ კვლევაში არ იღებდა მონაწილეობას, აღნიშნავს, რომ ქიმიური ცვლილებები ზედა ატმოსფეროში აქამდე იწინასწარმეტყველა კვლევამ, რომელიც ჩატარდა ანტარქტიდის Halley კვლევით სადგურზე მზიდან მაღალენერგეტიკული ნაწილაკების გამოსხივების ძლიერი, მაგრამ ხანმოკლე მოვლენის დროს აღებული მონაცემების საფუძველზე.

თუმცა, რამდენად ლოგიკურია, რომ 42 000 წლის წინ მართლაც ისეთი საშინელი გავლენა ჰქონოდა ამ პროცესს დედამიწაზე, როგორც ამას მკვლევართა გუნდი აღწერს? "შეიძლება პირობები ასეთი მკაცრი და ექსტრემალური არ იყო, მაგრამ ეს მაინც ღირს დაფიქრებად",— ამბობს ჰორნი და იმასაც აღნიშნავს, რომ ნაკლებ სავარაუდოა, რომ დედამიწის მთლიანი მაგნიტური ველი ასე სწრაფად გაუჩინარებულიყო.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის დოქტორი ანდერს სვენსონის განცხადების მიხედვით, გრენლანდიისა და ანტარქტიდის ღრმა ყინულები არ ფლობენ იმის მტკიცებულებას, რომ კლიმატი ლაშემპის ექსკურსის დროს რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მაგნიტური პოლუსების ადგილების შეცვლას არანაირი გავლენა არ მოუხდენია გარემოზე. ცვლილებები ოზონის ფენაში და გაზრდილი ულტრაიისფერი რადიაციის ეფექტი ადამიანებზე არ არის რაღაც, რისი დადასტურებაც ან უარყოფაც მხოლოდ ყინულის სიღრმეებზე დაკვირვებით შეგვიძლია", — განმარტავს იგი.

კრის სტრინგერი, რომელიც ლონდონის ბუნებრივვი ისტორიის მუზეუმში ადამიანთა წარმომავლობას შეისწავლის, ამბობს, რომ აღნიშნული კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და რომ თავშესაფრებისა და გამოქვაბულების გამოყენების გახშირება მართლაც დამაჯერებელი არგუმენტია, თუმცა ნახატების რაოდენობის გაზრდას რაც შეეხება, ამ ფაქტის დაკავშირება გარემო პირობების ცვლილებასთან ცოტა არალოგიკურია, რადგან ღორის ნახატები, სავარაუდოდ, ინდონეზიის კუნძულ სულავესზე ჯერ კიდევ მაგნიტური პოლუსების შეცვლამდე უნდა შეექმნათ უძველეს არსებებს.

"ავტორებმა ასევე დააკავშირეს პოლუსების ცვლილება ნეანდერტალელების გადაშენებასთან 40 000 წლის წინ და ვფიქრობ, რომ ამ მოვლენას მათ გადაშენებაში მართლაც შეიძლება შეეტანა წვლილი", — ამბობს იგი. "მაგრამ, ნეანდერტალელები საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე განაგრძობდნენ დედამიწაზე ცხოვრებას. მათი გავრცელების არეალი მოიცავს არამხოლოდ ევროპის, არამედ აზიის კონტინენტსაც. მათ საბოლოო გაუჩინარებაზე კი ძალიან მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება", — განმარტავს სტრინგერი.

გლაზგოს უნივერსიტეტის მეოთხეული გეოქრონოლოგიის მკვლევარი, დოქტორი რიჩარდ შტაფი აღნიშნულ კვლევას ძალიან კარგს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ნაშრომი გზას გაუხსნის მომავალ კვლევებს, რომლებიც დედამიწის პოლუსების გადაადგილების ადრინდელ, უფრო დრამატული მოვლენების გარემოზე ზემოქმედებასა და ევოლუციურ ეფექტებს შეისწავლიან.