პარლამენტთან აქციაზე ლელოს ლიდერებიც დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ირაკლი კუპრაძე და საბა ბუაძე. პარტიის სხვა ლიდერები ამბობენ, რომ ისინი საპროტესტო წარწერის გაკეთებას ცდილობდნენ.

"საბა ბუაძე ჩემ თვალწინ, ერთად ვიდექით, არაფრის გამო, მხოლოდ იმიტომ, რომ ითხოვა გაშვება, რადგან უსამართლოდ იჭერდნენ ჩვენი ახალგაზრდული წევრს, ხელებიდან გამომტაცეს, ყოველგვარი დარღვევის გარეშე", — განაცხადა აქციაზე მყოფმა გრიგოლ გეგელიამ, რომელიც, ასევე, ლელოს ერთ-ერთი ლიდერია.

მისი თქმით, აპირებდნენ ქუჩაში დაეწერათ სიმართლე, რომ "ესენი არიან ყრუები და მონები".

"ნაცვლად განახლებისა, ნაცვლად იმისა, რომ ოცნებას დაენიშნა კონსტრუქციული პრემიერმინისტრი, რითიც გამოავლენდა რაიმე სურილს იმისა, რომ ეს კრიზისი, რომელიც ამ ქვეყნის ინტრესების საწინააღდმეგოა, გადაჭრილიყო, ჩვენ მივიღეთ აგრესიული, კუნთმაგარი და ტვინცარიელი ირაკლი ღარიბაშვილი. აი, ამას ვაპროტესტებდით. ხალხმა, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩველმა აირჩია ივანიშვილი, გახარია, არც ერთი და არც მეორე არ არის დღეს პოლიტიკაში, რომ პასუხი აგოს ამ ხალხის წინაში. შეატოვეს ირაკლი ღარიბაშვილი, შეატოვეს არაფერი, ნულოვანი განცდა მომავლის", — განაცხადა გეგელიამ.

On.ge დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც განაცხადეს, რომ ლელოს აქციაზე 5 ადამიანია დაკავებული და ყველა მათგანი სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

რუსთაველის გამზირზე თითქმის მთელი დღეა ხმაურია და პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს. თავდაპირველად, აქტივისტებს პარლამენტთან კარვის გაშლა სურდათ, რის საშუალებაც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა არ მისცეს. ამას ხმაური მოჰყვა და დღის განმავლობაში, ჯამში, დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. შეკრებილები ამბობენ, რომ პოლიცია აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით აკავებს.