სახალხო დამცველი პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეებისთვის კარვის გაშლის ხელშეშლაზე აცხადებს, რომ როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას, აღნიშნული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია. ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ თავის მხრივ, ასეთი საშიშროება პარლამენტის შენობის წინ არსებულ ფართო ტროტუარზე არ იკვეთება. ომბუდსმენი აცხადებს, რომ მსგავსი დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული.

"ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, შეკრების მონაწილეთა მხრიდან კარვის ფლობის შედეგად, კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების რისკის არსებობა არ ვლინდება.

იქიდან გამომდინარე, რომ შეკრების თავისუფლებაში მსგავსი სახის გაუმართლებელ ჩარევას გასულ წლებში სისტემური ხასიათი ჰქონდა, 2018 წელს, სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა. აღნიშნულის შემდგომ შსს-ს მხრიდან აღარ ხდებოდა კარვების დადგმაში ხელშეშლა, თუმცა სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი ისევ დაიწყო მსგავსი უკანონო ზომის გამოყენება", — აცხადებს ლომჯარია.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების მიმდინარეობისას, ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან თავის შეკავების პასუხისმგებლობა პოლიციას ეკისრება. მისივე თქმით, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, დაპირისპირების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები და დიალოგი აქციების მონაწილეებთან უნდა აწარმოონ.

პარლამენტთან, სადაც აქტივისტები კარვის გაშლას ცდილობდნენ, 10 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ ათივე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პარლამენტთან შეკრებილები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. მათი თქმით, დაკავებისას ძალაც გამოიყენეს.