რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ On.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რომელიც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. აქტივისტებს პარლამენტის წინ კარვების გაშლა სურდათ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა და მათი დაკავება დაიწყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, დაკავების დროს გამოიყენეს ძალაც. თავდაპირველად შსს-მ 10 ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა, თუმცა მოგვიანებით სიტუაცია კვლავ დაიძაბა.

პარლამენტთან კარვები არჩევნების შემდეგ არის გაშლილი, თუმცა არა წინ, არამედ უკანა მხარეს. ამჯერად აქტივისტები პროტესტს უშუალოდ რუსთაველის გამზირზე გეგმავდნენ. მათივე განცხადებით, აპროტესტებენ პოლიტიკურ დევნას და გაყალბებულ არჩევნებს.

დღეს, 18:00 საათზე პარლამენტის ბიუროს ახალი მთავრობის შემადგენლობა უნდა წარედგინოს. ჯერჯერობით უცნობია, რა იცვლება მინისტრთა კაბინეტში, თუმცა იმის გამო, რომ თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად დასახელდა, ამ უწყებას ნამდვილად ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.