18 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის კამპუსში "ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის" პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს ICT კლასტერის და ინოვაციური განათლების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად ერთად გახსნეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა და პროექტის მენეჯერმა, ნანა დიხამინჯიამ, "ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში" პროგრამის ოფიცერმა ნიკა (ნინო) ყოჩიაშვილმა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ.

"პროექტი ხორციელდება ევროკავშირის გრანტის ფარგლებში "უნარები დასაქმებისთვის". მისი მიზანია საქართველოში შეიქმნას ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი,რომელშიც, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ჩაერთვება 90 სკოლა და 10 პროფესიული სასწავლებელი. ამ ტიპის კლუბები ძალიან მნიშვნელოვანია არაფორმალური ტექნოლოგიური განათლებისთვის საფუძვლის შესაქმნელად — ისინი ახალგაზრდებს ისეთ უნარებს მისცემს, რაც მომავალში დასაქმებისთვის გამოადგებათ. პროექტში ჩაერთვებიან 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც შეისწავლიან პითონს (პროგრამირების ენა), მონაცემთა ბაზების ვიზუალიზაციას და ანალიზს, სამომხმარებლო ინტერფეისს და დიზაინს, ტექნოლოგიურ მეწარმეობას და მსგავს ტექნოლოგიურ პროგრამებს. გარდა ამისა, შეიქმნება დიდი ვებ პლატფორმა, სადაც ჩამოთვლილი კურსების მასალები იქნება განთავსებული. პლატფორმის საშუალებით შესაძლებელი იქნება ტექნოლოგიურ კომპანიებთან და მენტორებთან დაკავშირება, ამ რესურსებით სარგებლობას კი სხვა სკოლებიც შეძლებენ", — აცხადებს ნანა დიხამინჯია, ილიაუნის ვიცე რექტორი ინოვაციებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით.

ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით, მომდევნო 3 წლის განმავლობაში შეიქმნება კოდირებისა და ტექნიკური მეწარმეობის კლუბები საქართველოს რეგიონებში, 100 სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია განვახორციელეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია ქვეყნის მომავალისა და ტექნოლოგიურ განვითარებისთვის. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ საქართველოში 100 სასწავლო დაწესებულებასთან ვითანამშრომლებთ და მათ შევთავაზებთ თანამედროვე, ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ცოდნის მიღების უნიკალურ შესაძლებლობას. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ევროკავშირს ამ პროექტის დაფინანსებისთვის და რაც მთავარია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომლის უშუალო ინიციატივით და ავტორობით ხორციელდება ეს პროექტი. ფინანსური მხარდამჭერები ჩვენ ვიქნებით და, ასევე, ჩვენი ყველა რეგიონული ტექნოპარკი ბათუმში, ზუგდიდსა თუ სხვა ქალაქებში მონაწილეობას მიიღებს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში", — აცხადებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი, ავთანდილ კასრაძე.

"ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი", "ევროკავშირი საქართველოსთვის" დაფინანსებითა და მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდთან (IEF) თანამშრომლობით ხორციელდება.