პარლამენტთან, სადაც აქტივისტები კარვის გაშლას ცდილობდნენ, 10 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ ათივე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პარლამენტთან შეკრებილები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. მათი თქმით, დაკავებისას ძალაც გამოიყენეს. ადგილზე მივიდა ლევან ხაბეიშვილიც, რომელმაც ასევე სცადა კარვის გაშლა, რასაც მორიგი დაპირისპირება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი

პარლამენტთან კარვები არჩევნების შემდეგ არის გაშლილი, თუმცა არა წინ, არამედ უკანა მხარეს. ამჯერად აქტივისტები პროტესტს უშუალოდ რუსთაველის გამზირზე გეგმავდნენ. მათივე განცხადებით, აპროტესტებენ პოლიტიკურ დევნას და გაყალბებულ არჩევნებს.

დღეს, 18:00 საათზე პარლამენტის ბიუროს ახალი მთავრობის შემადგენლობა უნდა წარედგინოს. ჯერჯერობით უცნობია, რა იცვლება მინისტრთა კაბინეტში, თუმცა იმის გამო, რომ თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად დასახელდა, ამ უწყებას ნამდვილად ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.