ავიაკომპანია Wizz Air-ის განცხადებით, საქართველოდან ფრენების მარტში დასაწყებად ჯერ ძალიან ადრეა. ამის შესახებ კომპანიის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ანდრაშ რადო გადაცემა ბიზნეს ფორმულას განუცხადა.

Wizz Air-მა დეკემბერში დააანონსა, რომ მარტში ახალი მიმართულებებით დაბრუნდებოდა.

როგორც რადო აღნიშნავს, მათ არ იციან როდის დაიწყებენ ფრენებს საქართველოდან, რაც მეტწილად ევროპულ ქვეყნებზეა დამოკიდებულია და იმაზე, როდის მისცემენ მესამე ქვეყნებს ევროკავშირში შესვლის უფლებას. მისივე თქმით, ქუთაისში ბაზის დაბრუნებაც შეზღუდვებთანაა დაკავშირებული.

"გვინდა, რომ 2021 წელს საქართველოდან ვიფრინოთ, დავაბრუნოთ ბაზა და დავეხმაროთ საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენი კონტროლის მიღმაა. ყველაფერს ვაკეთებთ, ვცდილობთ ინდივიდუალური ნებართვები მივიღოთ საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის საფრენად, მაგრამ ეს ადვილი არაა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერც ერთი მიმართულება მოვიძიეთ, სადაც ქუთაისის აეროპორტიდან ვიფრენთ. ამიტომაც ვფიქრობთ, მარტი ძალიან ადრეა ფრენების დასაწყებად, ახლა რთულია თარიღებით სპეკულირება. იმედს გამოვთქვათ, რომ ზაფხული კარგი სიახლეების მომტანი იქნება ჩვენთვის", — ამბობს Wizz Air-ის წარმომადგენელი.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს მთავრობამ ავიამიმოსვლა გასული წლის მარტში შეზღუდა და ცა ჩაკეტა. ზაფხულში რეგულარული ფრენების გახსნის პირობების მიუხედავად, თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია.