ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ბიძინა ივანიშვილის ბოლო პრემიერმინისტრი.

"ივანიშვილის ბოლო პრემიერი იქნება ღარიბაშვილი და ივანიშვილის ისტორია, ისტორიის წინაშე, იქნება ძალიან სავალალო, ცოტა სევდიანიც კი — ამხელა შესაძლებლობების კაცმა დაიწყო თავისი მოღვაწეობა ღარიბაშვილით და დაამთავრებს თავის მოღვაწეობას ღარიბაშვილით", — განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, 2014 წელს ღარიბაშვილი საკუთარმა გუნდმა გადააყენა ამ თანამდებობიდან იმიტომ, რომ იყო ცუდი ლიდერი. უგულავა ფიქრობს, რომ იგი ვერც ახლა შეძლებს იყოს კარგი პრემიერმინისტრი.

"ღარიბაშვილის მმართველობა რაც იყო, ვნახეთ ჩვენ. ღარიბაშვილი მადლობით არ გაუშვია საკუთარ გუნდს. ღარიბაშვილი გააგდეს იმის გამო, რომ მისი მმართველობა იყო ცუდი. მან საერთაშორისო ჩიხში შეიყვანა ქვეყანა, ქვეყნის შიგნით გაჩნდა კლანები და კორუფცია. შესაბამისად, ის საკუთარმა გუნდმა გააგდო, როგორც ცუდი პრემიერმინისტრი. 2014 წელს თუ ცუდი იყო და გააგდეს, დღეს ის კარგი ვერ იქნება იმ მარტივი ლოგიკით, რომ ის არის ადამიანი, რომელიც ვერ სწავლობს, ვერ ვითარდება", — ამბობს უგულავა.

18 თებერვალს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს, ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი მეორედ გახდება. მან ეს პოსტი პირველად 2013 წლის 20 ნოემბერს დაიკავა და ივანიშვილი ჩაანაცვლა. 2015 წლის 23 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე მან პოსტი დატოვა სიტყვებით — "თანამდებობები არის დროებითი ჩემი ძვირფასებო, მარადიული არის უფალი და სამშობლო, ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პრემიერმინისტროს თანამდებობა".