მკვლევრებმა NASA-ს კოსმოსური ხომალდის მონაცემები გამოიყენეს, რამაც აჩვენა, რომ გრავიტაციის ტალღები, რომელსაც პლანეტა წარმოქმნის, სიცოცხლისთვის საშიშია. კვლევამ აჩვენა, რომ გრავიტაციის ტალღები პლანეტას სულ უფრო არასტუმართმოყვარეს ხდის. ეს მარსის მომავალი კოლონისტებისთვის ნამდვილად ცუდი ამბავია.

ჩვენ ვიცით, რომ მარსზე ხშირია მტვრის შტორმები. აღმოჩნდა, რომ ამ შტორმების შედეგად, პლანეტა გრავიტაციის ტალღებს წარმოქმნის. ეს, თავის მხრივ, მარსის ატმოსფეროში გაზის გაჟონვას იწვევს.

აკრძალული პლანეტა

მარსის შტორმები არაპროგნოზირებადია, ერთდროულად პლანეტის უზარმაზარ ნაწილს ფარავს და შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს.

ეს ნიშნავს, რომ მარსის ნებისმიერ მკვიდრს თუ მკვლევარს თვეების განმავლობაში მიწისქვეშ ბუნკერში გამაგრება და შტორმის დასრულებისთვის მოცდა მოუწევს. იმის გათვალისწინებით, რომ მარსის კოლონიზაცია ისედაც რთული იქნება, ახლა ეს კიდევ უფრო ბევრ პრობლემას აჩენს.

შტორმები მოკლევადიანი ექსპედიციებისთვის დიდი დისკომფორტი იქნება, მაგრამ გრავიტაციის ტალღები, რომლებიც პლანეტის ისედაც მწირ ატმოსფეროს კიდევ უფრო აზიანებენ, ნებისმიერი გრძელვადიანი დასახლებისთვისაც პრობლემატური იქნება.

"ამ ყველაფრის ფონზე, მარსზე დაბინავება ძალიან რთული იქნება." — ამის შესახებ წამყვანმა ავტორმა და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა, ერდალ იგიტიტმა განაცხადა.

ბევრ მეცნიერს მიაჩნია, რომ მარსი წარსულში წყლიანი და სტუმართმოყვარე პლანეტა იყო. თუმცა, მისი დღევანდელი ატმოსფერო, სამწუხაროდ, მშრალ და მტრულ მომავალზე მეტყველებს.

სტატიაში საუბარია გრავიტაციის ტალღებზე, რაც გრავიტაციული ტალღებისგან სრულიად განსხვავებული ფენომენია