საქართველოს ბანკი, როგორც სანდო პარტნიორი, ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია კავკასუს როუდ პროჯექტის მრავალწლიანი ურთიერთობა წარმატებით გრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს უკვე სომხეთშიც ახორციელებს. კავკასუს როუდ პროჯექტი მიმდინარე პროექტით ერევანში აშენებს ხიდს.

პროექტის ჯამური ღირებულება 13 მილიონ დოლარს შეადგენს. საქართველოს ბანკის მხრიდან გაცემული ფინანსური რესურსი კი 7,5 მილიონი აშშ დოლარია. პროექტის დასრულება 2021 წელს იგეგმება და მასში უკვე 30 ადამიანია დასაქმებული. კომპანია ჯამში 250 ადამიანს დაასაქმებს.

"მოხარულები ვართ, რომ გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში კომპანია კავკასუს როუდ პროჯექტმა და საქართველოს ბანკმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. კავკასუს როუდ პროჯექტი მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით აგრძელებს ახალი ტექნოლოგიების, მიდგომების დანერგვას და ქართულ ბაზარზე წამყვან კომპანიად რჩება. ამასთან, წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება მას აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროექტებში, როგორც საერთაშორისო კომპანია. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მას ამ საქმეში. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას, რადგან გვჯერა, რომ ერთმანეთის შესაძლებლობები უსაზღვროა", — განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება კავკასუს როუდ პროჯექტს, იგი გზების მშენებლობის სფეროში საქართველოში ერთერთი მსხვილი კომპანიაა, რომელიც 2005 წელს დაარსდა და სულ რამდენიმე წელში დარგის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. კომპანიას აქვს საკუთარი ქარხანა და თავადვე აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ბეტონსა და ქვიშა-ღორღს. წარმოების ხარისხის კონტროლი ულტრათანმედროვე მოწყობილობებითა და მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით ხორციელდება. ბეტონის ხარისხი მოწმდება როგორც ქარხნის ტერიტორიაზე, ასევე მიწოდების ადგილზე — იტალიური მობილური ლაბორატორიის, Controls-ის მეშვეობით. წარმოების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს თანამშრომლების მაღალი კვალიფიკაციაც, რომლებიც მოამზადეს გერმანულმა კომპანიებმა — Strabag და Heilit-Woerner. კომპანიას განხორციელებული აქვს ისეთი პროექტები, როგორებიცაა სატრანსპორტო კვანძები გმირთა მოედანზე, აეროდრომის ასაფრენი და დასაფრენი ბილიკი მესტიაში; ანაკლია-განმუხურის ხის საფეხმავლო ხიდი მდინარე ენგურზე; ჰესის მშენებლობა მუხურში; 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-სამადლოს და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია; ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა და სხვა პროექტები.