პარლამენტის წევრის, რიმა ბერაძის განცხადებით, სჯერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საუკეთესო პრემიერი იქნება. მან ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა და ღარიბაშვილიც დათაგა. მისივე თქმით, "ბატონი ირაკლი არის 2012 წლის 1 ოქტომბრის იდეალებისა და ღირებულებების სახე".

"მომავალი პრემიერ მინისტრი — ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი არის პრინციპული, პატრიოტი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სახელმწიფო მართველობაში გამოცდილი პიროვნება. მისი პრემიერობის დროს, საქართველომ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ვიზალიბერიზაცია მოიპოვა. ის იყო ძალიან წარმატებული შსს მინისტრი, წარმატებული თავდაცვის მინისტრი, სადაც ჩვენი ჯარისკაცების სამუშაო პირობები უმაღლეს დონეზე ავიდა. ბატონი ირაკლი არის 2012 წლის 1 ოქტომბრის, იდეალებისა და ღირებულებების სახე. მე მჯერა, რომ თქვენ იქნებით საუკეთესო პრემიერი. თქვენ იქნებით ის პრემიერი ვინც 2024 წელს ხელს მოაწერს საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. წარმატებები!!!", — წერს ბერაძე.

18 თებერვალს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს, ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი მეორედ გახდება.

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში, 18 თებერვალს, საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. მან გადადგომის მიზეზად სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.

მთელი ღამის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებოდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ. დღეს დილიდან პოლიცია ენმ-ის ოფისთან მივიდა, თუმცა აქტივისტებმა შენობაში არ შეუშვეს. ამის შემდეგ შსს-მ გავრცელა განცხადება და პოლიტიკოსებსა და მხარდამჭერებს მოუწოდა, პოლიციას ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.