გირჩი — მეტი თავისუფლებას ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ აქვს და ეს ადამიანი ეკონომიკური თვალსაზრისით არის სრულიად სტერილური.

"მე არ ვიცი ღარიბაშვილი რას იზამს მაგ[ეკონომიკის] მიმართულებით, მაგრამ რომ გითხრათ, რაღაც მოლოდინი მაქვს განსაკუთრებული, რომ ღარიბაშვილი რაღაცნაირად წავა და პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ თავზე, ეპიდემიოლოგებს აღარ დაუჯერებს და გახსნის ქვეყნის ეკონომიკას, არა. ღარიბაშვილთან მიმართებით საერთოდ არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, არანაირი. ჩემი აზრით, ეგ ადამიანი არის ეკონომიკური თვალსაზრისით სრულიად სტერილური. მახსოვს მისი პრემიერობის პერიოდი, როდესაც პარლამენტის წევრი ვიყავი და მათ შორის, მახსოვს მასთან კითხვა-პასუხები პარლამენტში, როდესაც მოდიოდა ხოლმე, როგორც პრემიერობის კანდიდატი, ან პრემიერი, ჩვეულებრივად სტერილურია, არაფერი არ ესმის საერთოდ", — განაცხადა ჯაფარიძემ ფორმულას ეთერში.

18 თებერვალს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს, ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი მეორედ გახდება.

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში დღეს, 18 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.

გუშინ, 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.

მთელი ღამის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებოდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ. დღეს დილიდან პოლიცია ენმ-ის ოფისთან მივიდა, თუმცა აქტივისტებმა შენობაში არ შეუშვეს. ამის შემდეგ შსს-მ გავრცელა განცხადება და პოლიტიკოსებსა და მხარდამჭერებს მოუწოდა, პოლიციას ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.