ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის პრესსპიკერი ნიკა მელიას საქმისა და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის გამო განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, იმოქმედონ მაქსიმალური თავშეკავებით და პასუხისმგებლობით შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

"ევროკავშირს მტკიცედ სწამს, რომ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა მხოლოდ გულწრფელი პოლიტიკური დიალოგის საშუალებით არის შესაძლებელი. ქვეყნის და საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ.

აუცილებელია პოლიტიკური გამბედაობა და ნამდვილი დემოკრატიული ხელმძღვანელობა მხარეთა შორის შეთანხმების მისაღწევად და პოლარიზაციის გაზრდის თავიდან ასაცილებლად. საჭიროა ფართო პოლიტიკური ერთიანობა საქართველოში დაძაბულობის განმუხტვისა და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვის, მათ შორის სასამართლო და საარჩევნო ამბიციური და ინკლუზიური რეფორმების საშუალებით. პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი ასევე კორონავირუსის პანდემიასთან და მის შედეგებთან ეფექტიანი გამკლავების წინაპირობას წარმოადგენს", — ნათქვამია განცხადებაში.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.

მთელი ღამის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებოდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ. დღეს დილიდან პოლიცია ენმ-ის ოფისთან მივიდა, თუმცა აქტივისტებმა შენობაში არ შეუშვეს.

გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მეორე დღეს, დილით პრემიერმა, გიორგი გახარიამ პოსტი დატოვა და ამის მიზეზად ნიკა მელიას საქმეზე თანაგუნდელებთან აზრთასხვადასხვაობა დაასახელა.

გიორგი გახარიას თქმით, მისი ურყევი პოზიციაა, რომ "ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი".

მისი გადადგომიდან რამდენიმე საათში ქართულ ოცნებაში პრემიერობის ახალი კანდიდატი შეარჩიეს და ის თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.