ევროპელი სოციალისტები პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ. ამის შესახებ პარტიის წევრმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა.

"თუ ჩვენ შევაფასებთ მის მოღვაწეობას 2012 წლის შემდეგ, მეორე, ის ახალგაზრდა და ენერგიული კაცია და ძალიან დრო ჰქონდა კიდევ ერთხელ გადაეფასებინა თავისი შესაძლო ქმედებები იმ საკითხებზე, რომელიც ქვეყანას კიდევ უფრო წაადგება, ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში და იმედს ვიტოვებ, რომ ეს საუკეთეო არჩევანი იქნებოდა. ჩვენ მას მხარს დავუჭერთ", — აღნიშნა ჟურნალისტებთან დავით ზილფიმიანმა.

ევროპელი სოციალისტებისგან განსხვავებით ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის მხარდაჭერას არ აპირებს პარლამენტში მყოფი მეორე ოპოზიციური პარტია მოქალაქეები. როგორც პარტიის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების ყველაზე ცუდი არჩევანი იყო.

მმართველ გუნდში კი მიაჩნია, რომ ღარიბაშვილის დაბრუნება პრემიერის პოსტზე საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ამიტომაც აპირებენ, რომ მას ერთსულოვნად დაუჭირონ მხარი.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ღარიბაშვილი პოლიტსაბჭოს მან წარუდგინა და გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. მისივე განცხადებით, ღარიბაშვილის მინისტრობისა და პრემიერმინისტრობისას განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, ის არის "გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი", რომელსაც შეუძლია წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას და იზრუნოს იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.

მმართველმა გუნდმა კანდიდატი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში წარადგინა. გახარიამ პოსტი 18 თებერვლის დილას დატოვა და ამის მიზეზად ნიკა მელიას საქმეზე თანაგუნდელებთან აზრთასხვადასხვაობა დაასახელა.

გიორგი გახარიას თქმით, მისი ურყევი პოზიციაა, რომ "ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი".