ქართული ოცნების დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა გუნდიდან, თქვა, რომ ის არის მათი გუნდიდან არ წასულა. სუბარის თქმით, ის იმავეს გიორგი გახარიაზე ვერ იტყვის.

"როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა გუნდიდან, ვთქვი, რომ ის არის ჩვენი გუნდის წევრი და არსად არ წასულა, იქნება ჩვენთან ერთად. როდესაც წავიდა გიორგი კვირიკაშვილი, მე მსგავსი განცხადება არ გამიკეთებია. დღესაც არ და ვერ ვაკეთებ ამ განცხადებას, იმიტომ, რომ არ ვიცი გიორგი გახარიას პოზიცია როგორი იქნება", — განაცხადა სუბარმა.

რამდენიმე საათის წინ ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს, ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი მეორედ გახდება.

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში დღეს, 18 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.

გუშინ, 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.

მთელი ღამის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებოდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ. დღეს დილიდან პოლიცია ენმ-ის ოფისთან მივიდა, თუმცა აქტივისტებმა შენობაში არ შეუშვეს. ამის შემდეგ შსს-მ გავრცელა განცხადება და პოლიტიკოსებსა და მხარდამჭერებს მოუწოდა, პოლიციას ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.