ვორიკის უნივერსიტეტის პროფესორებმა ტომ მარშმა და ბორის გენსეკმა დევიდ ბაკლისთან ერთად სამხრეთ აფრიკის ასტრონომიული ობსერვატორიიდან ვარსკვლავი AR Scorpii (AR Sco) აღმოაჩინეს. ეს პირველი თეთრი ჯუჯა პულსარია, რომელიც კი ოდესმე დაუფიქსირებიათ ასტრონომებს. პულსარები 1960-იანებში აღმოჩენილი ობიექტებია, რომლებიც ასოცირდება ძალიან განსხვავებულ ობიექტებთან - ნეიტრონულ ვარსკვლავებთან.

თეთრი ჯუჯა პულსარები ასტრონომებს ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ემალებოდნენ. AR Sco-ს სისტემაში შედის სწრაფად მბრუნავი, საწვავამოწურული ვარსკვლავური ნარჩენი, სახელად თეთრი ჯუჯა, რომელიც მის მეზობელ წითელ ჯუჯას ელექტრული ნაწილაკებისა და გამოსხივების მძლავრი სხივებით ბომბავს. ამის გამო მთლიანი სისტემა ნათდება და მკრთალდება ყოველ წუთში ერთხელ.

ამ უკანასკნელი კვლევის მიხედვით, AR Sco-დან გადაცემული ენერგია ფოკუსირებული სხივია, რომელიც კონცენტრირებულ გამოსხივებას ერთადერთი მიმართულებით აფრქვევს. ეს კი ძალიან წააგავს ნაწილაკების ამაჩქარებელს - ასეთი მოვლენა სრულიად უნიკალურია აქამდე ცნობილ სამყაროში.

AR Sco მორიელის თანავარსკვლავედში დედამიწიდან 380 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს. ასტრონომიული მასშტაბებით ეს მცირე დაშორებაა. AR Sco-ს თეთრი ჯუჯა დედამიწის ზომისაა, მაგრამ 200 000-ჯერ უფრო მასიური და ყოველ 3,6 საათში ერთხელ ბრუნავს უფრო გრილი ვარსკვლავის გარშემო, რომელიც მზის მასის 1/3-ს შეადგენს.

დედამიწის ელექტრომაგნიტურ ველზე 100 მილიონჯერ ძლიერი ველისა და საოცარი ბრუნვის პერიოდის გამო, AR Sco გამოსხივებისა და ნაწილაკების შუქურას მსგავს სხივებს წარმოქმნის, რომელიც უფრო გრილ კომპანიონ ვარსკვლავს ბომბავს.

როგორც მკვლევრებმა აღმოაჩინეს, ეს მძლავრი შუქურის ეფექტი ელექტრონებს წითელი ჯუჯის ატმოსფეროში სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქრით აჩქარებს. ეს ეფექტი კი არასოდეს დაფიქსირებულა მსგავსი ტიპის ორმაგ ვარსკვლავურ სისტემაში. აქედან გამომდინარე, წითელი ჯუჯას კვების წყარო მისი მბრუნავი მეზობლის კინეტიკური ენერგიაა.

ამ ორ ვარსკვლავს შორის მანძილი 1,4 მილიონი კილომეტრია - დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილზე სამჯერ მეტი.

პროფესორი ბორის გენსიკე აცხადებს:

"AR Sco გიგანტური დინამოსავითაა: დედამიწის ზომის მაგნიტი, რომლის ველიც 10 000-ჯერ ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ველი, რომელიც ლაბორატორიებშია შექმნილი და ის ყოველ ორ წუთში ერთხელ ბრუნავს. ეს წარმოქმნის უზარმაზარ ელექტრულ დენს კომპანიონ ვარსკვლავში, რომელიც თავის მხრივ წარმოქმნის ვარიაციებს სინათლეში, რომლებსაც ჩვენ ვაფიქსირებთ".