ევროპარლამენტარი და ევრონესტის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივა საფრთხეშია. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ის ტვიტერზე წერს, რომ მმართველი და ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ.

"საქართველო გზაგასაყარზეა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივა საფრთხეშია. მმართველი და ოპოზიციური პარტიები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და დაიწყონ დიალოგი #ეროვნულიერთობის შესახებ. თითოეულ მათგანს აწევს პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე", — აცხადებს კუბილიუსი.

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში, დღეს, 18 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.

ამის შემდეგ განცხადება გაკეთდა ქართულ ოცნებაშიც. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართულ ოცნებაში ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც პრემიერმინისტრობის კანდიდატზე იმსჯელებენ.

გუშინ, 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.

მთელი ღამის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებოდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ. დღეს დილიდან პოლიცია ენმ-ის ოფისთან მივიდა, თუმცა აქტივისტებმა შენობაში არ შეუშვეს. ამის შემდეგ შსს-მ გავრცელა განცხადება და პოლიტიკოსებსა და მხარდამჭერებს მოუწოდა, პოლიციას ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.