ქართული ოცნების დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, ზუსტად ვერ გაიგო, რატომ დატოვა პრემიერმინისტრის თანამდებობა გიორგი გახარიამ.

"გამიჯვნა-არგამიჯვნა არ ვიცი, რატომ გადადგა ისიც ვერ გავიგე გულწრფელად რომ გითხრათ, თვითონ რაც თქვა, იმის გარდა. რამე მსჯელობა ასეთი რომ ყოფილიყო გუნდში, ყოველ შემთხვევაში, მე რომ მიმეღო მონაწილეობა, ისეთი არ ყოფილა და არც მგონია, რომ რამე ყოფილიყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა მოხდეს პირის დაკავება, აქ არანაირი პოლიტიკური მდგენელი არ უნდა არსებობდეს", — განაცხადა სუბარმა.

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში, დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.

ამის შემდეგ განცხადება გაკეთდა ქართულ ოცნებაშიც. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართულ ოცნებაში ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც პრემიერმინისტრობის კანდიდატზე იმსჯელებენ.

გუშინ, 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.

მთელი ღამის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებოდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ. დღეს დილიდან პოლიცია ენმ-ის ოფისთან მივიდა, თუმცა აქტივისტებმა შენობაში არ შეუშვეს. ამის შემდეგ შსს-მ გავრცელა განცხადება და პოლიტიკოსებსა და მხარდამჭერებს მოუწოდა, პოლიციას ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.