მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ქართული ოცნება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ძალაუბრების დაბრუნებაში ეხმარება.

"ზუსტად 2 დღის წინ ამ დარბაზში ჩვენ მოგიწოდეთ ქართულ ოცნებას, რომ არ მოგვეხსნა იმუნიტეტი ნიკა მელიასთვის. ჩვენ ვამბობდით, რომ პარლამენტი უნდა დამდგარიყო თავის სიმაღლეზე, არ ყოფილიყო პროკურატურის გაგრძელება, რათა პროცესები არ შესულიყო ჩიხში. დღეს პროცესები არის ჩიხში, ვხედავთ რა ხდება ქუჩაში. ქვეყანა პრინციპში არის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. [...] ყველაფერი გააკეთეთ თქვენც და ყველაფერი გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობამაც, სააკაშვილმა, რომ ასეთი ესკალაცია მომხდარიყო. [...] სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს", — განაცხადა ელისაშვილმა.

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში, დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.

ამის შემდეგ განცხადება გაკეთდა ქართულ ოცნებაშიც. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართულ ოცნებაში ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც პრემიერმინისტრობის კანდიდატზე იმსჯელებენ.

გუშინ, 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.

მთელი ღამის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებოდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ. დღეს დილიდან პოლიცია ენმ-ის ოფისთან მივიდა, თუმცა აქტივისტებმა შენობაში არ შეუშვეს. ამის შემდეგ შსს-მ გავრცელა განცხადება და პოლიტიკოსებსა და მხარდამჭერებს მოუწოდა, პოლიციას ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.