"ხის ტარაკნები" ერთ-ერთი იშვიათი მწერები არიან, რადგან ისინი პარტნიორთან მთელ ცხოვრებას ატარებენ. სამუდამო სიყვარულის საიდუმლო კი, როგორც ჩანს კანიბალიზმია.

დაკვირვება აჩვენებს, რომ ეს ტარაკნები Salganea taiwanensis შერწყმის შემდეგ ერთმანეთის ფრთებს და ხანდახან სხეულის ნაწილებს რიგრიგობით მიირთმევენ. გაღრღნილი და მოჭმული ფრთები მშობელი ტარაკნების 99%-ს აღენიშნება.

ამ უცნაური ქცევის შესასწავლად, იაპონიაში მკვლევართა გუნდი 24 წყვილ ტარაკანას დააკვირდა. როცა ერთი ტარაკანა მეორეს ფრთებს მიირთმევს, პარტნიორი უბრალოდ უძრავია და თავის ფრთებს უპრობლემოდ თმობს მანამ, სანამ არ გადაიფიქრებს.

სექსუალური აქტის შემდეგ, კანიბალიზმი მწერებში ხშირია. უბრალოდ, მეტწილად მდედრი ჭამს ხოლმე მამრს, რისი შედეგიც ფატალურია ხოლმე. მდედრებს შთამომავლობის აღსაზრდელად ენერგია ხშირად სჭირდებათ ხოლმე და მამრი ენერგიის მშვენიერი წყაროა.

ჩვენ ტარაკნებს რაც შეეხება, როგორც აღვნიშნეთ, ისინი ძირითადად, მხოლოდ ფრთებს მიირთმევენ. თან, ამ ფრთებს დიდი საკვები ღირებულება არ აქვს. მაშინ რა მიზანს ემსახურება ეს უცნაური ქცევა?

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ პარტნიორები ერთმანეთს ფრთებს "ღალატის" თავიდან ასარიდებლად აჭამენ. ანუ, უფრთო მშობელს ნაკლები შანსი აქვს მოვალეობას თავი დააღწიოს და პასუხისმგებლობის ასარიდებლად გაფრინდეს.

ხის ტარაკნები, ძირითადად, დამპალი ან წაქცეული ხის ტანში ბინადრობენ, სადაც შთამომავლობას ერთად ზრდიან. ამ პერიოდში ისინი "სახლს" იშვიათად ტოვებენ. ფრთების გარეშე დიდ მანძილებზე გადაადგილება სახიფათოა, რადგან უფრთოდ მათი მობილობა მნიშვნელოვნად დაქვეითებულია.

მოკლედ რომ ითქვას, ერთმანეთის ფრთების შეჭმა, ტარაკნების ენაზე, ერთგვარი სიყვარულის დემონსტრაციაა.