იუთუბზე დემი ლოვატოს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის — Demi Lovato: Dancing with the Devil (დემი ლოვატო: ცეკვა დემონთან) ტრეილერი გავრცელდა. ფილმი 2018 წელს, მომღერლის ნარკოტიკების ზედოზირების შესახებ არის, რომელიც კინაღამ ფატალურად დამთავრდა და ყვება იმ ეფექტებზეც, რაც ამ შემთხვევას მომღერლის ცხოვრებაზე ჰქონდა. როგორც ლოვატო ამბობს, როდესაც კლინიკაში გადაიყვანეს სამი ინსულტი და გულის შეტევა გადაიტანა. დემიმ ფილმის რეჟისორთან, მაიკლ დ. რეტნერთან ერთად ისაუბრა ემოციურ და ფიზიკურ ზიანზე, რომელიც ზედოზირებამ მოიტანა.

"შედეგად ტვინის დაზიანება მივიღე, რისი ეფექტიც დღემდე მომყვება. ვერ ვმართავ მანქანას, რადგან შავ ლაქებს ვხედავ, დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვკითხულობდი, რადგან გადღაბნილ გამოსახულებას ვხედავდი. ზედოზირების შედეგებთან გამკლავებას ვცდილობდი და ისინი ბოლომდე არ გამქრალა, დღემდე მახსენებენ თუ რა მელის სისუსტის შემთხვევაში. ფიზიკურ დამოკიდებულებასთან ბრძოლა ფაქტობრივად არ მომიწია, ემოციურად განკურნების გზა გავიარე", — განაცხადა მომღერალმა.

ლოვატოს თქმით, ამ ამბავში არაფერს შეცვლიდა, რადგან საჭირო გაკვეთილი ასე ისწავლა.

"ეს მტკივნეული პერიოდი გავიარე, რათა გაკვეთილი მესწავლა. წარსულზე ფიქრისას და იმ ყველაფრის გახსენებისას, რისი გადატანაც მომიწია სევდა მიპყრობს, მაგრამ არაფერს ვნანობ. ვამაყობ ჩემი დღევანდელი პიროვნებით და მიხარია, რომ ამ ფილმით ამას ხალხიც დაინახავს. მოხარული ვარ იმის გამოც, რომ მყავდა ვიღაც, ვისაც ვადარდებდი", — აღნიშნა ლოვატომ.

დოკუმენტურ ფილმში მომღერლის ოჯახთან და მეგობრებთან, ასევე ელტონ ჯონთან ინტერვიუს ნახავთ. მომღერლის თქმით, მის ცხოვრებაში მომხდარი გარდამტეხი მომენტის ერთადერთი მიზეზი ქიმიური ნივთიერებები არ ყოფილა, ეს წარსულის ტრავმების და ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების ბრალიც იყო. ლოვატო აპირებს საკუთარი გამოცდილება და პიროვნული ზრდა სიმღერით მოყვეს.