ქართული ოცნების მმართველობის მე-9 წლის დასაწყისში თანამდებობა პარტიის მე-5 პრემიერმინისტრმაც დატოვა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გიორგი გახარია უპირობო ლიდერია მათ შორის, ვისი გადადგომაც საზოგადოებას 2012 წლის შემდეგ მოუთხოვია. მიუხედავად ამისა, ის არათუ გადააყენეს, დააწინაურეს კიდეც — შინაგან საქმეთა მინისტრობიდან პრემიერმინისტრობამდე. მანამდე გადადგომის შესახებ გავრცელებული არაერთი ჭორისა თუ მოთხოვნის ფონზე, ის თანამდებობიდან მოულოდნელად წავიდა და მიზეზად იმ პარტიის ლიდერის საქმე დაასახელა, ვის "დასრულებასაც" აპირებდა.

გავიხსენოთ, როგორ მოდიოდნენ და მიდოდნენ ქართული ოცნების პრემიერმინისტრები.

"ჭარბი ნდობა" — ბიძინა ივანიშვილი

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოში ხელისუფლება ქართულმა ოცნებამ გადაიბარა და პრემიერმინისტრი პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვიხილეთ ივანიშვილის არაერთი დაჯარიმება, მოქალაქეობის შეწყვეტა, სატელიტური თეფშების დაყადაღება, თავდასხმები ამომრჩეველთან შეხვედრების დროს და ფაქტობრივად, ბოლო მომენტში შეცვლილი საარჩევნო ნომერიც. და ეს სრული ჩამონათვალი არ არის.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / პირველი არხი

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პარლამენტში და შესაბამისად, მთავრობაში ივანიშვილის გუნდის წევრები იყვნენ. მაშინ ქართული ოცნება ჯერ კიდევ კოალიცია იყო და რამდენიმე პარტიას მოიაზრებდა. თუმცა ივანიშვილის ძალაუფლების მიღმა რჩებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტი — მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გასდიოდა. ეს პერიოდი განსაკუთრებით საინტერესო სწორედ ამიტომ იყო — პრეზიდენტი და პრემიერი ოპონენტები იყვნენ და ქვეყანას ერთდროულად მართავდნენ. სწორედ ამ დროს გახდა აქტუალური სიტყვა "კოჰაბიტაცია", რაც თანაარსებობას, თანაცხოვრებას გულისხმობს.

2013 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა და მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა, ივანიშვილი თანამდებობიდან გადადგა და დაგვპირდა, რომ ქვეყნის განვითარებაში თავის წვლილს სამოქალაქო საზოგადოებიდან შეიტანდა. ის დღემდე გვახსენებს, რომ "ხელისუფლების ზენიტში მყოფი პიროვნება" პოსტიდან თავისი სურვილით წავიდა.

იგი აპირებდა ჟურნალისტებისა და ექსპერტების გადამზადებას, ამბობდა, რომ არ ეთანხმება ნიცშეს და თავადაც დაწერს წიგნს, მაგრამ რაც მთავარია — ეკონომიკის ზრდას ისე, რომ ჯიბეზე გვეგრძნო. სწორედ მისი სიტყვებია: "პირველ წელიწადს ეს იქნება ძალიან რთული, ამას სჭირდება ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. მე ვფიქრობ, რომ მეორე წელიწადი იქნება უკვე საგრძნობელი, საგრძნობლად უკეთესი. მესამე იქნება ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას უკვე საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახებზე იგრძნობს და მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი".

მიუხედავად ამისა, მოსახლეობა სულ უფრო მეტს საუბრობს გაუსაძლის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ამას ემატება არაერთი კრიტიკა დასავლეთიდან, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო. ბიძინა ივანიშვილს ყველაზე ხშირად ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთისადმი ლოიალობაში ადანაშაულებენ და ვერ ვიტყვით, რომ ეს უმიზეზოდ ხდება — მას ნათქვამი აქვს, რომ 2008 წელს საომარი მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო, არაერთხელ წარმოუჩენია პუტინი დადებით კონტექსტში და რაც მთავარია, ამ ეჭვების საფუძველს იძლევა წლების განმავლობაში რუსეთში ნაკეთები ბიზნესი.

ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედება. მე შემიძლია დაგიზუსტოთ იმ ქართველებს, ვისაც ეს საწყენად მიგაჩნიათ და შეგახსენოთ, პროცესი როგორ ვითარდებოდა. მოგეხსენებათ, ლიახვის სოფლები იბომბებოდა ოსეთის მხრიდან გაუგებარი ფორმირებებისაგან. ჩემი აზრით, სააკაშვილს უნდა დაეცვა ეს სოფელი, თითოეული მოსახლე შეიძლებოდა გამოეყვანა და საერთაშორისო ორგანიზაციები მოეწვია და დაეფიქსირებინა მდგომარეობა. სააკაშვილმა ჩაიდინა აბსოლუტურად გაუაზრებელი ქმედება და დაიწყო ცხინვალის დაბომბვა. ეს ფიქსირდება ყველაგან, გარდა იმ სამი არხისა, რომელიც მე ჩამოვთვალე [რუსთავი 2, იმედი, პირველი არხი]. მსოფლიოში ყველამ ყველაფერი კარგად იცის, საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

ბიძინა ივანიშვილის პირველი ინტერვიუ მედიასთან (ნეტგაზეთი)

უნდა ითქვას ისიც, რომ მართალია, ივანიშვილმა პოსტი ერთ წელიწადში დატოვა, მაგრამ ქართული ოცნების მმართველობის დაწყებიდან დღემდე, არსებობს ეჭვები იმაზე, რომ ქვეყანას ის არაფორმალურად მართავს. ამ ეჭვებს გამოთქვამენ არამხოლოდ ოპოზიციაში, არამედ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში და ვერ ვიტყვით, რომ პოლიტიკიდან მისი მეორედ წასვლის შემდეგ ეს ვარაუდები როგორმე გაიფანტა, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ თანაგუნდელებს მოუწოდა, საქმეზე არ დაურეკონ

"ტიპიურად კახელი კაცი" — ირაკლი ღარიბაშვილი

"ეს არის ტიპიურად კახელი კაცი, ძალიან პატიოსანი, უაღრესად გულწრფელი და ნაღდი კაცია, ძალიან წესიერი კაცია" — ასე წარადგინა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის პოსტზე და დაამატა, რომ გუნდში ამ გადაწყვეტილებას ოვაციებით შეხვდნენ. მან ღარიბაშვილს ოჯახიც შეუქო და გაგვიმხილა, რომ ის "ვერტალიოტის" ყიდვისას გაიცნო:

ირაკლი გავიცანი, თუ გნებავთ, სავაჭრო დეპარტამენტში იყო მემგონი, როდესაც პირველი ვერტალიოტი ვიყიდე ფრანგული და ფრანგები ისეთ დღეში ჩააგდო, რომ ასე არ გაეყიდათ [...] ვერტალიოტი. ფრანგებმა, კომპანიამ, ვინც მომყიდა ვერტალიოტი, ვინ არის ეს კაცი, გვაჩვენეთო, იქნებ ჩამოვიდეს საფრანგეთში, ჯერ ასეთი ფრანგული საიდან იცისო და მერე ასეთი ვაჭრობა საიდან ისწავლაო.

ბიძინა ივანიშვილი, 2013 წელი

ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად წარდგენისას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, ქართულ ოცნებაში კი ივანიშვილის ქართუსგან მოხვდა. მისი კანდიდატურის დასახელებისას, ტრადიციულად, სიტყვა ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობის გადახდით დაიწყო.

"დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა, რომ მომეცა საშუალება, ვემსახურო ჩემს ქვეყანას თქვენთან ერთად. ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება ჩემთვის, ძალიან დიდი ნდობა და მე გპირდებით ყველას: ვპირდები მოსახლეობას, გპირდებით თქვენ, ვპირდები კოალიციას, მთლიანად მთავრობას, რომ გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ თქვენ მიერ დაწყებული გზა წარმატებულად გავაგრძელოთ".

ღარიბაშვილის ორწლიანი პრემიერმინისტრობისას იყო ბევრი კრიტიკა მისი გამონათქვამებისა თუ ქმედებების გამო, მას ნეპოტიზმსა და "კახური კლანის" გაძლიერებაში ადანაშაულებდნენ. ასევე, ჰქონდა დაპირისპირებები მისივე გუნდის წევრებთან: პრეზიდენტ მარგველაშვილთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გამო, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან, რომელიც კაბელების საქმითა და ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენებით დასრულდა და ა.შ.

წინასაახალხწლოდ, 2015 წლის 23 დეკემბერს, მოულოდნელად, ერთ-ერთმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილი თანამდებობას ტოვებს, რასაც მთავრობის ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში უარყოფდა. მისი გამოსვლა დღის განმავლობაში სამჯერ გადაიდო, საბოლოოდ კი, ღარიბაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება ჟურნალისტების გარეშე, ვიდეო მიმართვით გააკეთა.

თანამდებობიდან წასვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მაგალითი მოიშველია და თქვა, რომ "ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და პოლიტიკური გავლენისა და პოპულარობის ზენიტში მყოფმა მისივე გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა". მისი თქმით, ივანიშვილმა შექმნა მაგალითი, როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე როგორც დროული მოსვლით, ისე — დროული წასვლით. ღარიბაშვილმა გვითხრა ისიც, რომ თანამდებობა დროებითია, მარადიული კი უფალი და სამშობლოა, ამიტომ ტოვებს თანამდებობას და რჩება სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად.

როგორც წესი, პრემიერმინისტრების თანამდებობებიდან წასვლამდე ან გადადგომიდან მალევე, ცნობილი ხდებოდა მათი საქმიანობის გამო ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილებაზე. ირაკლი ღარიბაშვილის წასვლაზე ქართული ოცნების ლიდერმა თქვა, რომ "წარმატების ზენიტში დატოვა ხელისუფლება", თუმცა ნათესავების გამო გააკრიტიკა კიდეც. ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რამდენჯერმე აქვს ნათქვამი ღარიბაშვილისთვის, "შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და დაცვა-თქო, რომ საზოგადოება არ გააღიზიანო არც ერთით და არც მეორით". ივანიშვილის თქმით, ამ მხრივ ღარიბაშვილს "ჰქონდა გამოწვევები".

2019 წელს ღარიბაშვილი ქართულ ოცნებაში დაბრუნდა და პარტიის პოლიტიკური მდივანი გახდა. ოფიციალური ინფორმაციით, მანამდე კერძო სექტორში საქმიანობდა. მას შემდეგ, რაც გახარია პრემიერმინისტრი გახდა, ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტი ერგო, 18 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ ის კვლავ პრემიერმინისტრობას აპირებს.

ღარიბაშვილმა მადლობა ამჯერად პარტიის ახალ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს გადაუხადა. უცნობია, ასრულებს თუ არა ივანიშვილი თავის პირობას, რომ თანაგუნდელებს არც კი დაურეკავს და პოლიტიკურ საკითხებზე არ გაესაუბრება. არც ის ვიცით, ქართული ოცნების ამჟამინდელმა ლიდერებმა დაურეკეს თუ არა პარტიის დამფუძნებელს, თუმცა ივანიშვილმა ერთი თვის წინ მათ საჯაროდ მოუწოდა, თავს პატივი სცენ და არც მათ დაურეკონ რჩევების საკითხავად. ის კი ცხადია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პრემიერმინისტრის პოსტიდან წასვლის წინ გვიმტკიცებდა, რომ თანამდებობა დროებითია, მთავრობაში ჯერ თავდაცვის მინისტრად დაბრუნდა, ახლა კი მეორედ პრემიერმინისტრობას აპირებს.

"არსად გაგვექცეს, დავუდარაჯდეთ" — გიორგი კვირიკაშვილი

ღარიბაშვილის გადადგომიდან ორ დღეში ცნობილი გახდა, რომ მას გიორგი კვირიკაშვილი შეცვლის. კვირიკაშვილი იმ დროს უკვე იყო მთავრობის წევრი — ჯერ ეკონომიკის, ხოლო შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში. მანამდე კი, მისი წინამორბედის მსგავსად, ივანიშვილის ქართუ ბანკში მუშაობდა.

კვირიკაშვილი უმრავლესობამ წარადგინა და ის იყო ქართული ოცნების ყველაზე გრძელვადიანი პრემიერმინისტრი — პოსტი 2,5 წლის განმავლობაში შეინარჩუნა.

გიორგი კვირიკაშვილის პრემიერმინისტრობას დაემთხვა პირველი საპროტესტო ტალღები ქართული ოცნების მმართველობაში — იქნებოდა ეს აქციები ბირჟა მაფიისა თუ ხორავას ქუჩის საქმეზე, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გარდა ამისა, სწორედ კვირიკაშვილი იყო პრემიერმინისტრი ღამის კლუბებში სპეცოპერაციების დროს, რომელსაც ასევე აქციები მოჰყა. მისი პრემიერობისას გაიტაცეს საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი.

წინამორბედის მსგავსად, თანამდებობიდან კვირიკაშვილის წასვლაც მოულოდნელი იყო. მეტიც, ის გვარწმუნებდა, რომ მისი გადადგომის "ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს", 13 დღეში კი პოსტი დატოვა. კვირიკაშვილის წასვლა დაემთხვა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასა და პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნას. პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, სადაც კვირიკაშვილის გადაყენებაზე უნდა ემსჯელათ, ქართული ოცნების ლიდერები ამბობდნენ, რომ შეხვედრაზე Unicef-ის კვლევაზე ისაუბრეს. ამ კვლევაში ასახული იყო, რომ საქართველოში მძიმე მდგომარეობაა და ბავშვები შიმშილობენ. მოგვიანებით, დაიწყო საუბარი იმაზეც, რომ ეს კვირიკაშვილის ეკონომიკურმა პოლიტიკამ გამოიწვია.

თანამდებობიდან წასვლისას გიორგი კვირიკაშვილს არ დაუმალავს, რომ ივანიშვილთან ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა.

"ყოველთვის ვცდილობდი, უდიდესი პატივის გრძნობით მეტარებინა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერმინისტრი. დიახ, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის, მთელი გულით მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა გადაწყვეტილება, ყველა ნაბიჯი იყო ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ ნაკარნახევი და იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეგვეცალა. მე, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე. აქედან გამომდინარე ვხედავ გუნდში განწყობებს და მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემ სიტუაციაში უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს. მე ვტოვებ დღეს თანამდებობას", — თქვა კვირიკაშვილმა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრემიერმინისტრების გადადგომამდე ან შემდეგ, მათ მიმართ რიტორიკა იცვლებოდა და თავდაპირველისგან განსხვავდებოდა. თვეების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილს აქებდა და ამბობდა: "არსად გაგვექცეს, არსად გაგვექცეს, დავუდარაჯდეთ კვირიკაშვილს", "ეს კაცი არ იბრძვის სავარძლისთვის", მისი ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ პატარა გადაცდომაზეც შეიძლება უარი თქვას სავარძელზე, ამასთან, წესიერსა და მოწესრიგებულს უწოდებდა და ამტკიცებდა, რომ მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა ასეთი ტიპის პირველ პირს და კვირიკაშვილი საუკეთესო პოლიტიკოსად დარჩება საქართველოს ისტორიაში.

უკვე შემდეგ, ივანიშვილა თქვა, რომ კვირიკაშვილს აღარ შეეძლო მართვა, მისი მეთოდები არ იყო ეფექტური, მთავრობაშიც ვერ ხერხდებოდა პრინციპული საკითხების შეჯერება და "ძირითადად ორ კაცთან, ალავიძესთან და ქუმსიშვილთან ახერხებდა გადაწყვეტილების შეთანხმებას". მისივე თქმით, იყო შემთხვევები, როცა ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოსა და ბიზნესის ინტერესებს შორის და "არღვევდა ამას კვირიკაშვილი თავისი ქმედებებით".

"მას არ დარჩა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც", — თქვა ივანიშვილმა.

წასვლა Facebook პოსტით — მამუკა ბახტაძე

მაშინ, როცა კვირიკაშვილს აკრიტიკებდა, ივანიშვილმა მამუკა ბახტაძე შეაქო. მისი მტკიცებით, "საქართველოში ეკონომიკური ზრდა არა ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის, არამედ მოქმედი პრემიერის, მამუკა ბახტაძის დამსახურებაა. ოცნების მმართველობის დროს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მაისში დაფიქსირდა, როცა პრემიერი კვირიკაშვილი იყო, ბახტაძე კი — ფინანსთა მინისტრი. თუ ვინმეს აქვს განსაკუთრებული წვლილი, დავასახელებ ბახტაძეს და არა კვირიკაშვილს".

ბახტაძის კანდიდატურა პრემიერმინისტრად 2018 წლის ივნისში საპარლამენტო უმრავლესობამ დაასახელა და მანვე დაუჭირა მხარი. პოლიტიკაში მოსვლამდე, 5 წლის განმავლობაში მამუკა ბახტაძე საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი იყო, შემდეგ, 8 თვის განმავლობაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

ფოტო: მამუკა ბახტაძე / Facebook

საინტერესო დეტალია ის, რომ ფინანსთა მინისტრობის პერიოდში ბახტაძემ საზოგადოებას თავი სოციალურ ქსელში დარეკლამებული ფოტოებით დაამახსოვრა. თუმცა, ერთმანეთისგან განსხვავებულმა ორმა კვლევამ (NDI და IRI) აჩვენა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტმა არ იცოდა, ვინ არის ის.

2019 წლის 20 ივნისს, როცა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაშავდა და ორმა თვალი დაკარგა, პრემიერმინისტრი სწორედ მამუკა ბახტაძე იყო. მეტიც, აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებამდე რამდენიმე წუთით ადრე ის გვარწმუნებდა, რომ "რეზინის ტყვიები და სხვადასხვა ტიპის გაზი ქართული ოცნების ხელწერა არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება, როცა საუბარია მშვიდობიან მოქალაქეებზე".

მამუკა ბახტაძე ერთადერთი პრემიერმინისტრია, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ Facebook-ზე დაპოსტა. ეს განცხადება კიდევ იმით იყო დასამახსოვრებელი, რომ ჯამში თითქმის 4 000 სიტყვისგან შედგებოდა, რაც Word-ში 21 გვერდია. ვრცელ პოსტში მოხვდა მადლობაც ბიძინა ივანიშვილისადმი. ბახტაძემ პირობა დადო, რომ იქნება ქართული ოცნების გუნდის წევრი და "ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი".

თანამდებობის დატოვებიდან მეორე დღეს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბახტაძეს მადლობა გადაუხადა ფინანსთა მინისტრისა და პრემიერის რანგში მოღვაწეობისთვისა და "კულტურული წასვლისთვის", თუმცა არ გაუკრიტიკებია.

"კაცი მოვიდა იდეებით, იყო მთავრობის მეთაური და მან მოახერხა იდეების გუნდთან შეთანხმება. რეალიზებაში მოიყვანა გეგმების დიდი ნაწილი და დანარჩენი პროცესები ჩაირთო და დაიწყო. ჩათვალა, რომ თავისი სიტყვა თქვა და ადგილი დაუთმო ახალს", — აღნიშნა ივანიშვილმა.

"კრიზის მენეჯერი" — გიორგი გახარია

ბახტაძის შემდეგ პრემიერმინისტრის სავარძელი იმ ადამიანმა დაიკავა, ვის გადაწყვეტილებებსაც ბახტაძის პრემიერობის დროს ყველაზე მეტად აკრიტიკებდნენ. სწორედ გიორგი გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი გავრილოვის ღამის დროს და აქციის მონაწილეების დაშლის ბრძანების გაცემის უფლებამოსილებაც მას ჰქონდა.

ამის გამო, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანები გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომას უწყვეტად ითხოვდნენ. თუმცა, ის არათუ გადააყენეს, არამედ, არასრული სამი თვის შემდეგ, პრემიერად წარადგინეს. როგორც ივანიშვილმა თქვა, მან ეს საკუთარი მოღვაწეობით ღირსეულად დაიმსახურა. ამ დღეს სიტყვით გამოსვლისას გახარიამ ბიძინა ივანიშვილს მადლობაც გადაუხადა და სამთავრობო ცვლილებებზე ილაპარაკა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ შს მინისტრად ვახტანგ გომელაური ბრუნდება, ირაკლი ღარიბაშვილი კი კვლავ მთავრობაში, ამჯერად თავდაცვის მინისტრი იქნებოდა.

ფოტო: ქართული ოცნება

ერთ წელზე ცოტა მეტხნიანი პრემიერმინისტრობისას გახარიამ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა ხისტი გამონათქვამებით, ოპოზიციასა და მედიასთან უხეში დამოკიდებულებებით, "წერტილით", წერილებით, კორუფციისთვის "ქართული, ჯიგრული პონტის" წოდებით, კორონავირუსთან "კრიზისმენეჯერული" ბრძოლით და რამდენიმეთვიანი შეზღუდვებით, ეკონომიკის ჩაკეტვით.

18 თებერვალს მან პრემიერმინისტრის პოსტი მოულოდნელად დატოვა. გახარიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი წელია ვრცელდება, თუმცა ის ამას სხვადასხვა სიტყვებით უარყოფდა. პოსტის დატოვებამდე 6 დღით ადრე კი თქვა, რომ კი არ მიდის, მოდის. თუმცა წავიდა და თან გვითხრა, რომ გუნდში ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. გიორგი გახარიას თქმით, მისი ურყევი პოზიციაა, რომ "ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი".

გახარია გახდა ქართული ოცნების პირველი პრემიერმინისტრი, რომელსაც თანამდებობიდან გადადგომისას ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობა არ გადაუხდია. მან ტრიბუნა ისე დატოვა, რომ არც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

გახარიასთან დაკავშირებით სიტყვაძუნწი იყო ივანიშვილიც. შესაძლოა იმის გამოც, რომ მისი მინისტრობის ან პრემიერობის დროს აქტიურ პოლიტიკაში არ იყო, მაგრამ ივანიშვილის მხრიდან გახარიას ქება ან კრიტიკა რთულად მოიძებნება.


უცნობია, რა ვადით იქნება პრემიერმინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი მეორედ. მაღალია ალბათობა, რომ ქართული ოცნების პარლამენტი ახალ მთავრობას ერთხმად დაამტკიცებს. რთულია იმის თქმაც, ასრულდა თუ არა ივანიშვილის შიში იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ეჭვი და შიში იმისა, რომ გუნდის წევრებმა ლიდერის გარეშე ერთმანეთთან დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა.

გაიგეთ მეტი: