ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიას ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. მისივე თქმით, არგუმენტები, რომლებიც გახარიას პოზიციას გაამყარებდა, ვერ მოისმინეს.

"ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ამ საკითხზე. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ვერ მოვისმინეთ. წყალგამყოფი იყო საკითხი სახელმწიფომ უნდა აჩვენოს თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ თუ არა. გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანი იყო. ქვეყანას, სადაც კანონის აღსრულება უზრუნველყოფილი არ არის, მით უმეტეს იმ პირობებში რომ მას დამნაშავეები ასეთი უხეში გამოწვევების წინაშე აყენებენ, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო. კანონის არასათანადოს აღსრულებაა ის რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას ქვეყანაში. ჩვენი როგორც ქვეყნის პასუხისმგებლობაა მყარად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება. პრემიერმინისტრის გადაწყვეტილების ფონზე შს მინისტრმა მიიღო ლოგიკური გადაწყვეტილება ნიკა მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ", — განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ქართულ ოცნებაში ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც პრემიერმინისტრობის კანდიდატზე იმსჯელებენ.

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში, დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.

გუშინ, 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.

მთელი ღამის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებოდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ. დღეს დილიდან პოლიცია ენმ-ის ოფისთან მივიდა, თუმცა აქტივისტებმა შენობაში არ შეუშვეს. ამის შემდეგ შსს-მ გავრცელა განცხადება და პოლიტიკოსებსა და მხარდამჭერებს მოუწოდა, პოლიციას ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.