საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (საია) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდება შერჩევითი და პოლიტიკურად ნაკარნახევი მართლმსაჯულების ნიშნებს შეიცავს.

"ნიკა მელიას მიმართ მიმდინარე საქმის ქრონოლოგია და განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ გადაწყვეტილებები საქმეზე მიიღება პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით, რაც პროკურატურისა და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების კიდევ ერთი გამოცდილებაა", — ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციების განცხადებით, კითხვები ჩნდება მელიასთვის აღკვეთის ღონისიძიების სახით პატიმრობის შეფარდების დასაბუთების ნაწილში. მათი თქმით, პროკურორს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რასაც კანონდებლობით პატიმრობის შეფარდების წინაპირობაა. კერძოდ:

  1. არსებობს ბრალდებულის მიმალვის და ამ გზით მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის რისკსები;
  2. არსებობს ბრალდებულის მიერ მტკიცებულების მოპოვებისთვის ხელის შეშლის რისკები;
  3. არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკები.

"სათანადო საფუძვლების არსებობის გარეშე, მხოლოდ გირაოს გამოყენების პირობების დარღვევის საკითხი არ შეიძლება გახდეს პატიმრობის გამოყენების წინაპირობა", — აცხადებენ ორგანიზაციები.

საია და EMC საუბრობენ მელიას საქმის არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ ნაწილზეც. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პოლიტიკური პროცესებს რადიკალიზაცია ქვეყანაში გამოწვეულია ერთი მხრივ ოპოზიციონერი ლიდერებისა და მათთან დაკავშირებული პირების მიმართ გამოძიებებმა, მეორე მხრივ კი ოპოზიციის ბოიკოტმა და ნიკა მელიას დაუმორჩილებლობამ.

"ხელისუფლების მხრიდან პოლიციის/პროკურატურის და სასამართლოს ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური კრიზისების საპასუხოდ, გარდა იმისა, რომ აჩვენებს ამ ინსტიტუტების პოლიტიზირების მძიმე შედეგებს, ის ავლენს ხელისუფლების უუნარობას, პოლიტიკური დიალოგის გზით დაძლიოს ქვეყანაში არსებული გამოწვევები", — ვკითხულობთ განცხადებაში.

საია და EMC მოუწოდებენ მთავრობას გააკეთოს ყველაფერი პროცესების დეესკალაციისთვის, ასევე, 20 ივნისის საქმის გამოძიება მიიყვანოს ბოლომდე და დააკავოს პასუხისმგებელი პირები; ორგანიზაციების ადრესატები არიან სამართალდამცველი ორგანოები, რომლებსაც მოუწოდებენ არ გამოიყენონ ძალისმიერ მეთოდები, რაც შეამცირებს საზოგადოების ნდობას მათ მიმართ.

საია და EMC მოუწოდებენ პოლიტიკურ ლიდერებს პოლარიზაციისა და ვითარების ძალადობრივ რეჟიმში გადაყვანის თავიდან ასაცილებლად კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგან.