"არაფერი მოულოდნელი — დამონებული სასამართლო სწორედ ასე იქცევა", — ასე ეხმაურება პატიმრობაში მყოფი გიორგი რურუა ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას. რურუა წერს, რომ ქართული ოცნება სრულად საბჭოური მოვლენაა "აზროვნებით, მოქმედებით, გემოვნების თავისებურებით, უვიცობითა და უტიფრობით".

სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ფარად დაუდგებიან მელიას და მისი დაკავების უფლებას არ მისცემენ, რადგან უკანონო გადაწყვეტილებას არ ემორჩილებიან. ისინი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ნიკა მელიასთან ერთად არიან შეკრებილები და მორიგეობას გეგმავენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.